logo_geo
eng_logo
მაესტრო მაღრაძე, იტალია თქვენი მადლიერია!
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:39

 

 

დათო მაღრაძის იტალიური ზაფხული - ქართველი პოეტი, თავისი ხალხის თავისუფლების ხმა

 

 

 

იტალიელი მკითხელისათვის უკვე კარგად ნაცნობ პოეტ დათო მაღრაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს იტალიური გამოცემა „Helios Magazine", სათაურით: „დათო მაღრაძის იტალიური ზაფხული - ქართველი პოეტი, თავისი ხალხის თავისუფლების ხმა". ჟურნალისტი ჯორჯო ნერი ვრცლად მიმოიხილავს მის შემოქმედებას.მკითხველს ვთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

 

დათო მაღრაძის იტალიური ზაფხული - ქართველი პოეტი, თავისი ხალხის თავისუფლების ხმა

ამ ზაფხულს პოეტი იტალიის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდა, რათა მიეღო მისი პოეზიისთვის და სამოქალაქო საქმიანობისთვის მინიჭებული პრემიები. კალაბრიაში მაღრაძის შემოქმედება დაჯილდოვდა პრემია „ანასილაოსით" და პრემია „ზინგარით". რომში ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც პოეტური „გამოცემული კრებულის" კატეგორიაში იყო დაწესებული, ასევე მიენიჭა „დონ ლუიჯი დილიეგროს" საერთაშორისო პრემია. პოეტს რამდენიმე თვის წინ რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ, წიგნისთვის „ექო", დიდი იტალიელი პოეტის, ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია - ოქროს მედალი გადასცა. პოეტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, დათო მაღრაძე 1962 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1992 - 1995 წლებში იყო კულტურის მინისტრი, 1995 წლიდან 1999 წლამდე, გადადგომამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორს, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, რომელთა შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია შვეიცარიაში კულტურის ასოციაცია „უნივერსუმის" მიერ დაწესებული რომის პაპის ვერცხლის მედალი, რომელიც მისი პრესტიჟულობიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაკუთრებული აღიარების მქონე პოეტებს გადაეცემათ. ლექსების კრებულისთვის „სალვე" 2005 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში. იგი არის 1921 წელს ლონდონში მსოფლიოს მწერლებს შორის მეგობრობისა და ინტელექტუალური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მწერალთა მსოფლიო ასოციაციის „PEN"-ის ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მაღრაძე არის პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი, ამერიკის პოეტების აკადემიის წევრი. ის ძალიან დატვირთული და საკუთარ მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებული ავტორია, თუმცა ასევე ღიაა ევროპული კულტურის მიმართ. ის მასშტაბის მქონე ინტელექტუალია. მაღრაძე იმ ხალხის წიაღიდან არის, რომელსაც დღესაც მტკიცედ სწამს პოეზიის მაღალი დანიშნულებისა. იტალიაში დათო მარღაძის პოპულარობის ხარისხის გადმოსაცემად უნდა აღინიშნოს მისი ლექსის კრებულების გამოცემები: „Salve", გამომც. „ლა ლონტრა", „ჯაკომო პონტი", გამომც. „ჯულიანო ლადოლფი", „ნაფეხურები წყალზე" და „ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან" გამომც. „ილ საჯიო", „ექო", გამომც. „ჯულიანო ლადოლფი" (მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რედაქტორი მარიენცა კორაჩი). შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ კრებული „ექო" იტალიისადმი მიძღვნილი ლექსით იწყება. ეს არის ექო იმ დროისა, რომელსაც დათო მაღრაძე უდროობაში იჭერს, მარადიული რომის სივრცეში, ტოსკანის სოფლებში, ვენეციის არხებში, რომელიც არის გარდასულ დროთა ლხინისა თუ დიდების ფოტოგრამა, როგორც პომპეი, რომელიც არაბული ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან აღდგა. „იტალია, შენ სამარადისოდ ფლობ სილამაზის უკვდავი ელექსირის გასაღებს" ეს არ არის მხოლოდ ისტორიის, კულტურის, ხელოვნების სილამაზე, არამედ ასევე გემოს, სურნელების, ხიბლის სილამაზე, რომელიც ყველა ნიუანსიდან მოედინება. ეს არ არის უცხოელის ჩვეულებრივი გატაცება. მაღრაძისათვის იტალია არის განგრძობითი და უსასრულო აღმოჩენა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოეტი შორიდან, ძალიან შორიდან მოდის, იმ კავკასიიდან, რომელსაც მაღრაძე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდს უწოდებს, იტალია მისთვის არის გულუხვი, სადაც ის თავს მშობლიურ გარემოში გრძნობს. ის გრძნობს, განიცდის იტალიას მარადიული საოცრებებით, უარყოფითი და დადებითი მხარეებით. სწორედ აქ იჩენს ნათლად თავს დათო მაღრაძის პოეზიაში პოეზიის სამოქალაქო ღირებულება, რომელიც არ არის მხოლოდ ლირიკა, რომელიც არის სამოქალაქო ძალისხმევაც, პოლიტიკური ვნებაც და სიტყვებით, მიგნებული სიტყვებით. მას დელიკატურობით მიყავს მკითხველი უფრო მაღალი გააზრებისკენ. ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების მიგნების მცდელობა, არამედ ეს არის ჭეშმარიტების ძიება, სიმართლის მიმართულება. ჭეშმარიტებასთან ოდნავი შეხება შესაძლებელია მისი გამუდმებული ძიებით. მისი სიტყვები არ არის ხალხში ჩაგდებული იმპროვიზირებული სიტყვები. არა. ყოველთვის არსებობს რაიმე იდეა, რაიმე ძირითადი საგანი ან მიზანი. მაღრაძე სამყაროს აკვირდება, იმისთვის, რომ ის უკეთესი მიზნებისკენ წაიყვანოს, ისე, რომ არ დაავიწყდეს წარსულის სილამაზე, რაც ხშირად იჩენს თავს მის სტრიქონებში. ის მიანიშნებს გასავლელ გზას და პოეტმა იცის, რომ ეს გზა რთული, მძიმე, მაგრამ სავალდებულო და გარდაუვალია. დათო მაღრაძისთვის პოეზია არის მსოფლიოს ყველა ერისთვის საერთო მნიშვნელობის მატარებელი და მიუხედავად რასის, რელიგიის, კანის ფერის, ისტორიული და კულტურული ტრადიციების განსხვავებებისა, პოეზიის მეშვეობით ხალხს მშვიდობიან თანაცხოვრებას, ურთიერთსიყვარულსა და გაგებას შეაძლებინებს. ეს არ არის უტოპიური მიზანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ერთადერთობით გამორჩეული გზა, რომლისკენაც აუცილებლად უნდა წავიდეს ყველა ერი. კულტურა აერთიანებს, პოეზია ინტეგრაციის ელემენტია, იმისათვის, რომ გასაგები გახდეს ის, რასაც ხელოვნების და კომუნიკაციის სხვა ფორმებით ვერ ახერხებენ. მაღრაძე ამას ყველაზე ციცაბო გზით აკეთებს, ანტიკომფორმისტულად, პოლიტკონიუქტურისა და კომპრომისების გარეშე, დღევანდელობის მოდის დოგმების და გამეფებული იდეებისა და ტრენდების გათვალისწინების გარეშე. ის ყოველთვის ირჩევს რა მხარეს დადგეს, ეს არის თავისუფლების მხარე და მან თავის თავზე აიღო პატივი, ყოფილიყო ამ არჩევანის ცოცხალი მოწმე, ნებისმიერ ფასად. „მე მოხიბლული ვარ, შეიძლება იმიტომ, რომ სხვაგვარად ვხედავ საგნებს. ჩემი მთავარი მიზანია ვთქვა მათი სათქმელი, ვინც სიმართლეს და მშვენიერებას ეძებს და თუკი ეს მიზანი ერის ფიქრს ემთხვევა, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები ამით. ხშირად პოეზია არასასურველ სიმართლეს ამბობს, განსაკუთრებით ხელისუფლებისათვის. შთაგონებას ცხოვრებისგან, თითოეული თქვენგანის ყოველდღიურობისგან ვიღებ. შთაგონება იბადება იმ ურთიერთობიდან, რომელიც ხალხთან მაქვს, რომელიც ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან, შთაგონება ადამიანების ემოციებისგან იბადება. ეს არის გრძნობები, რომლებიც შემდგომ ჩემი ლექსების სტრიქონები ხდებიან", - ამბობს პოეტი და შემდეგ აგრძელებს კითხვის პასუხად. „საქართველო უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, შესაძლოა ნაკლებად ცნობილი". - მიგაჩნიათ, რომ იტალიის კულტურასთან არსებობს მსგავსებები? „კულტურა, სადაც არ უნდა სუნთქავდეს, არის გასაზიარებელი სიკეთე. რაც შეეხება ქართულ კულტურას, ის ქრისტიანულ ნიადაგზე და იმ ანტიკურ აზროვნებაზეა აღმოცენებული, რომელიც საფუძვლად დაედო იტალიური კულტურისა და ლიტერატურის რენესანსს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კულტურის აღორძინება (რინაშიმენტო) XII საუკუნეში განხორციელდა. საქართველოს უძველესი ისტორია აქვს, რომელიც იმსახურებს იმას, რომ ევროპის თვალსაწიერში უკეთ უნდა ჩანდეს. ანტიკური გონიერებისა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების ჰარმონიამ, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო ევროპას წარდგენოდა როგორც სხვა ათენისა და მეორე იერუსალიმის დიდი იდეის გამომხატველი. (ნაწყვეტები მოყვანილია 2014 წლის 11 მარტის ინტერვიუდან. კალაბრია. დათო მაღრაძისადმი მიძღვნილი წიგნიდან „დათო მაღრაძე - ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის". ჟურნალისტი ჯორჯო ნერი, ავტორი ჯოვანი ნუჩერა). მაღრაძის პოეზია თავის თავში ინახავს იმ გზამკვლევ ძაფს, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გააერთიანა ავტორები და მათი შემოქმედება, ჰომეროსიდან დაწყებული დღევანდელობამდე. აღტაცებულია რინაშიმენტოთი, რომელიც იყო შემდგომი ეპოქების კულტურის აკვანი, კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების საფუძველი. მის ლექსებში დაკარგულ იტალიაზე არ არის საუბარი. წარსულის დიდებულების მიუხედავად, მისი ლექსები მხოლოდ წარსულის გაცოცხლება არ არის. აქ არის დღევანდელი იტალია, მრავალი პრობლემით დამძიმებული, მაგრამ ავტორისგან ოპტიმიზმით და სიყვარულით შეფასებული. მას უყვარს იტალია და ამისთვის: მაესტრო, იტალია თქვენი მადლიერია, ძალიან მადლიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner