„მე ვურჩევდი სახელმწიფო დეპარტამენტს - მოლდოვას მიმართ ეფიქრა სანქციებზე, რომელიც საჰაერო სივრცით კი არა, მთლიანად არის შესისხლხორცებული რუსეთის სასტიკ რეჟიმთან მასთან ერთად СНГ-ში გაერთიანებით“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით. ქართველიშვილის თქმით, ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი „მეგორბული“ გაფრთხილება.
„ესეც სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი „მეგობრული“ გაფრთხილება. დღეს საქართველოს დასჯას უკვე მეზობელ სახელმწიფოში გამოცემული ნორმატიული აქტების გამო აპირებენ: „თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“. ადგილობრივი, ქართული „რუსული კანონების“ გამო არა - რუსეთის „რუსული კანონების“ გამო ემუქრებიან დღეს საქართველოს.
თუ როგორ „დაშორდა“ მთელი დასავლური საზოგადოება ამ სასტიკ რეჟიმს - ჩვენ ვიხილეთ გაეროში 1-იდან 30 აპრილის ჩათვლით, როდესაც რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის სავარძელს იკავებდა. მე ვურჩევდი სახელმწიფო დეპარტამენტს - მოლდოვას მიმართ ეფიქრა სანქციებზე, რომელიც საჰაერო სივრცით კი არა, მთლიანად არის შესისხლხორცებული რუსეთის სასტიკ რეჟიმთან მასთან ერთად СНГ-ში გაერთიანებით. ასევე ვურჩევდი იმ უკრაინელი საქმოსნების წინააღმდეგ შემოეღოთ სანქციები, ვინც დღემდე აწარმოებს ბიზნესს რუსეთის სასტიკი რეჟიმის ტერიტორიაზე. არაერთგზის მაქვს მოყვანილი ამ საქმოსნების და მათი ბიზნეს-სფეროების ჩამონათვალი. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს იმ პროცესების დაანონსება, რაზეც ასევე არაერთგზის დავწერე: ხვალ, ჰიპოთეტურად (ვთქვათ ჩინეთის შუამდგომლობით), მკვდარი წერტილიდან რომ დაიძრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი - რუსეთის სასტიკი რეჟიმის გამო, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ამას „რუსულ პროექტად“ შერაცხავენ, სანქციებით დაგვემუქრებიან და რუსთაველზე „გულანთებულ“ ფრანკლინის კლუბის წევრებს გამოიყვანენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.