logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსთან დიასპორის კავშირს, რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია
- +

10 მაისი. 2023. 23:30

"დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, - სად არის აქ ლოგიკა?, "- ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, არის ხელისუფლებისთვის ჯილდო. როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კონსტიტუცია ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყონ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება სანქციის დაწესებაზე და გაუქმებაზეც ცალმხრივი იყო და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ვერ ექნება პოზიცია.

 

ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული მხრიდან წინასწარ იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი - არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა რაც აძვირებს ხარჯებს ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რუსეთმა ამ ადამიანებს 2019 წელს დაუწესა სასჯელი - სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, როდესაც ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.

 

ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია - რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10%-18% ეკონომიკური ვარდნა, ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს ქართული ოცნებისთვის არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა ქართული ოცნება, დღეს დააჯილდოვა, - სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი - ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაც არის დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებთ. ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner