logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - არ დავუშვებთ ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური კამპანიების გაჩაღებას, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის
- +

10 მაისი. 2023. 23:50

"არაერთი სპეკულაცია იყო სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდება. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ არცერთ შემთხვევაში არ იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა დაშვებული. ამ ფარგლებში იმოქმედებს ხელისუფლება," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა პარლამენტში დარეგისტრირებულ პროექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. მისი თქმით, აღნიშნული არის გაგრძელება იმ ქსენოფობიური კამპანიების, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.

 

გახსოვთ შარშან სამი ქსენოფობიური კამპანია, პანიკის შექმნის მცდელობა ჰქონდათ საზოგადოებაში - პირველი უკავშირდებოდა ომის დაწყებას, როდესაც გარკვეული რაოდენობით შემოვიდნენ მათ შორის რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, მეორე უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და მესამე მობილიზაციის გამოცხადებას. სამივე ჯერზე იქმნებოდა პანიკა, რაც იყო ცარიელი სპეკულაცია და იყო ჩვეულებრივი ქსენოფობიური კამპანია, რომელიც იყო ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამას კიდევ ერთხელ ეცდებიან, ახლა ტურისტული სეზონი მოდის და შეეცდებიან პანიკა დათესონ საზოგადოებაში. საზოგადოება ხედავს ყველაფერს, რომ ხელისუფლება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი არის უზრუნველყოფილი. შარშანდელმა წელმა ეს ყველაფერი დაადასტურა. სამი ქსენოფობიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვითარება არის კონტროლქვეშ და არავითარი საფრთხე არ ემუქრება ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნულ ინტერესებს. ასევე არ დავუშვებთ ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური კამპანიების გაჩაღებას, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. საქართველო ამაყობს ჩვენი ტოლერანტობით და შემწყნარებლობით და ეთნიკური შეუწყნარებლობის ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში, როგორც არ უნდა ეცადონ ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner