logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი პარაგლაიდინგის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

11 მაისი. 2023. 13:46

 

 

პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის  მთავრობის მიერ მომზადებული რეგულაციები განიხილა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პარაგლაიდინგის სექტორის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე,  პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ესწრებოდნენ.

 

პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  დროებითი წესი საქართველოს მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ნორმატიული აქტი ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

 

შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა ის წესები, რომლებიც საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას, ამ პროცესის კონტროლის უზრუნველყოფას და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებს გულისხმობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

 

მნიშვნელოვანია, რომ მფრინავებისთვის ფრენის  კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან  ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს  მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს. ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.

 

საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია“ განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.

 

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner