„ძალზე საყურადღებო იყო გუშინდელი დღე არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისა და დასავლეთისთვის. ქართველი ხალხის ასეთი მასშტაბური პოზიტიური დამოკიდებულება, რაც რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა, მიუთითებს დასავლეთის დღევანდელ არასწორ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ,“ - ამის შესახებ „ხალხი ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ სანქციების გაუქმებაზე ქართულ საზოგადოებას დადებითი რეაქცია ჰქონდა, რაც გამოწვეულია იმით რომ ჩვენი დასავლელი თუ ევროპელი პარტნიორები უკვე 30 წელია, მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებენ და შედეგი არსად ჩანს, ხალხს კი ლოდინი მოჰბეზრდა და გადაწყვიტა ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება. არადა საქართველო ისევე საჭიროა ევროპისა და ამერიკისთვის როგორც ისინი - საქართველოსთვის.
„ძალზე საყურადღებო იყო გუშინდელი დღე არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისა და დასავლეთისთვის. ქართველი ხალხის ასეთი მასშტაბური პოზიტიური დამოკიდებულება, რაც რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა, მიუთითებს დასავლეთის დღევანდელ არასწორ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ.
რამ გამოიწვია ეს?
უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ასეთი მასობრივი შემოტევა ხელისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირში გაწევრიანების საშვად გამოცხადება, „ნაც. მოძრაობის“ ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულებზე ხელის დაფარება ღიად, თუ ფარულად, მუდმივად ომში ჩათრევის მცდელობა და ბოლოს, კანდიდატის სტატუსის არმოცემით ჩვენ მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა ქართველი ხალხის განწყობაზე აისახა. ხალხი იმდენად გაბრაზდა, გუშინ არა მარტო იმას აღიარებდნენ, რომ რუსეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ეს ფაქტი სასიკეთო იყო, არამედ უშუალოდ მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც, ამავე ხალხის შეფასებით, ოკუპანტია.
ვფიქრობ, დასაფიქრებელია გუშინდელი დღე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. მიზეზი მათშია და არა - ჩვენში ან ქართველ ხალხში. როდესაც 30 წლის განმავლობაში უიმედო ლოდინში ამყოფებ ქვეყანას, როდესაც ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს ცუდად ეხები და როდესაც დიქტატორ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად აღიარებ, ქართველი ხალხი ისევ იმ ოკუპანტ ქვეყანას მიუბრუნდება და ისევ მასთან დაიწყებს ურთიერთობების დალაგებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვას.
არადა საქართველო ისევე სჭირდება ევროპასა და ამერიკას, როგორც ჩვენ გვჭირდება ისინი. საქართველოზე მოთხოვნა ახალ მსოფლიო წესრიგში დღითი დღე იზრდება და ამაზე მეტი დაფიქრება მართებს დასავლეთს, რომლის არასწორი პოლიტიკის შედეგით გამოწვეული ქართველი ხალხის განწყობების შეცვლა გუშინ ყველასათვის ნათელი გახდა,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.