logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია და შეუძლებელია ვიყოთ იმ გაერთიანების წევრი, სადაც ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები არის ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელი
- +

11 მაისი. 2023. 17:47

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს, ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებმაც განაპირობა.

 

„ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი პენსიონერების ძარცვის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიის ეთერიდან განაცხადა, რომ კონსერვატორული ღირებულებები შეუთავსებელია ევროპული ოჯახის წევრობასთან. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი რგოლია გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებში და საბედნიეროდ, იმ პარტიაშიც კი, სადაც ჩვენ დამკვირვებლის სტატუსი გვქონდა და ვტოვებთ, იქაც არ ფიქრობს ყველა ასე, არათუ სხვა ევროპულ-პოლიტიკურ გაერთიანებებში. თუმცა წარმოუდგენელია და შეუძლებელია ვიყოთ იმ გაერთიანების წევრი, სადაც ასე ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები არის ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელი. რეალურად ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის საკითხი, რასაც ჰქვია ნამდვილი შეუთავსებლობა ასეთ არასერიოზულ და ფსევდოლიბერალურ მიდგომასთან. ეს გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღეს გამოიტანა. მომავალში ჩვენ თანაბრად გავაგრძელებთ ყველასთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და საქართველო აუცილებლად გახდება და უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ოჯახის წევრი. ამავე დროს, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქრებს იმაზე, ვინ და რომელი პოლიტიკური ჯგუფი, თუ ოჯახი არის თავსებადი საქართველოს ტრადიციულ, ეროვნულ და „ქართული ოცნების“ ღირებულებებთან, და მომავალში ვიზრუნებთ ასეთი გაერთიანების წევრობაზე. დღეს იცით, გამოწვევები არის ბევრი, მათ შორის, ღირებულებების ომია და ამ ღირებულებათა ომში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვაგვარად არიან ჩართულები, ჩვენ კი მიგვაჩნია ამ ფონზე, რომ ეროვნული იდენტობა და ეროვნული ღირებულებები არის პრიორიტეტი. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ვიღაცას რაღაცა დავასწარით. მინდა გაგახსენოთ ჩვენი პოზიცია, როგორც კი კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობისათვის არაბუნებრივი რეაქციები წამოვიდა ამ პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, იმავე დღეს პირადად მე გავაკეთე განცხადება ურთიერთობის გადახედვაზე, თუ ისინი ასე ფიქრობენ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ -მეთქი და იმავეს ვიმეორებ. კი არ ვიფიქრეთ, უკვე გადავწყვიტეთ კიდევაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner