logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენი ემიგრანტები იქ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამაზე ღია განცხადებას თავად იქ მყოფი ქართველები მთხოვენ
- +

11 მაისი. 2023. 18:41

 

 

„ჩვენი ემიგრანტები მიყვებიან, რომ უკრაინის ომის შემდეგ სამუშაო ადგილების შოვნა ჭირს. ოჯახები იღებენ კოლოსალურ ვალებს, ფეხით გადადიან მექსიკის საზღვარზე და შემდეგ იქ უმუშევრები არიან. ყველას განთავსება ვერ ხერხდება სასტუმროებში და მათი უმეტესობა მანქანებში ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

მისი თქმით, უკრაინის ომის შემდეგ ამერიკაში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და ჩიბურდანიძე მოუწოდებს ამერიკის ელჩს, ამერიკამ გაამარტივოს, ან გააუქმოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იქნება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების საპირწონე.

 

„ვიცი, ამ განცხადებასაც ანტიდასავლურ რიტორიკად ჩამითვლიან, მაგრამ ჩემთვის მთავარი სიმართლის თქმაა. სრულიად ვეთანხმები ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტნიორობა მხოლოდ ფრენებში და უვიზო მიმოსვლაში არ გამოიხატება. ქართულ დიასპორებთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და თითქმის ყოველდღე ვესაუბრები სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეებს. უკრაინის ომის შემდეგ, ევროპული სახელმწიფოებიდან ჩვენი ემიგრანტების ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ასევე, მიდიან საქართველოდანაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, თავად ვნახე ჩვენი ემიგრაცია და ერთ-ერთ ღონისძიებაზე მადლობა გადავუხადე იქ წარმოდგენილ ამერიკის ადგილობრივ ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეების მიმართ კარგი დამოკიდებულებისთვის. დღეს სულ სხვა სიტუაციაა. ჩვენი ემიგრანტები მიყვებიან, რომ უკრაინის ომის შემდეგ სამუშაო ადგილების შოვნა ჭირს. ოჯახები იღებენ კოლოსალურ ვალებს, ფეხით გადადიან მექსიკის საზღვარზე და შემდეგ იქ უმუშევრები არიან.

 

ყველას განთავსება ვერ ხერხდება სასტუმროებში და მათი უმეტესობა მანქანებში ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ნერვიულობის ნიადაგზე ხშირია ნარკოტიკების მოხმარება და გარდაცვალება. როგორც თავად მითხრეს, უკან დასაბრუნებელი თანხებიც არა აქვთ და ხვალინდელი დღის იმედით, თვეობით ასეთ სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრობენ. და თუკი ვინმეს გაუმართლა და სამსახური იშოვა, უკიდურესად მძიმე დატვირთვით მუშაობენ მცირე ანაზღაურებით. ამას მიყვებიან ჩვენი ემიგრანტები ამერიკიდან და მთხოვენ, მოვამზადოთ სატელევიზიო კლიპები, გავაგებინოთ ჩვენს ხალხს, რომ ამერიკაში ისე არ არის, როგორც მათ ეუბნებიან. ვეღარც ერთმანეთს ეხმარებიან იქ მასიური უმუშევრობის პირობებში. მთხოვენ, გავაგებინოთ ხალხს, რომ არ წავიდნენ ცრუ მოლოდინებით, რეალობა სულ სხვაა. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ამერიკის მთავრობას ამ საკითხში, რადგან უკრაინის ომისგან გამოწვეული კრიზისი ყველას შეეხო, მით უმეტეს დასავლეთს. ამერიკაში მილიონობით უკრაინელი წავიდა და ისინი სხვა პრივილეგიებით სარგებლობენ. ბაიდენის მთავრობა დღეს უმთავრესად უკრაინის პოპულარიზაციით არის დაკავებული და ეს ბუნევრივიცაა მათი პოზიციიდან გამომდინარე.

 

მაგრამ, როდესაც ამერიკის ელჩი ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ხალხისთვის მიუღებელ განცხადებას აკეთებს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენც შევახსენებთ, რომ ამერიკაში დღეს ქართველების დიდი ნაწილი მძიმე პირობებში იტანჯებიან. ნუ განასხვავებენ მათ უკრაინელი ხალხისგან. თუკი ასე ძალიან უყვართ ქართველები, მათაც მისცენ ნორმალური ცხოვრების საშუალება. მივმართავ ამერიკის ელჩს, გააუქმეთ ან გაამარტივეთ ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იქნება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების საპირწონე ქმედება და არა ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა. მე, როგორც დემოგრაფ ექსპერტს, არ მსურს ამერიკისთან ვიზების გამარტივება ან გაუქმება, რადგან, ვიცი რა მოჰყვება ამას, მაგრამ ვსაუბრობ არა ჩემი პოზიციიდან, არამედ, მათი გადმოსახედიდან.

 

პირადად მე ველი, რომ 2024 წლისთვის, თუკი ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის მესვეურებმა ვერ დაინახეს მათ მიერვე შექმნილ ოპოზიციაში სიცოცხლის ნიშან-წყალი და გამარჯვების შანსი, ბოლო პოლიტიკური ნაბიჯი სწორედ ვიზების გამარტივება იქნება, რათა ქართველების გული მოიგონ და იქ წასულ ემიგრანტებში მაინც აიღონ ოპოზიციისთვის ხმები. თან ჩვენს ემიგრანტებს მოსთხოვენ აქ მყოფი ოჯახებიდან ხმებს. ამას ისეთივე ოპერატოულობით და მკაცრი მოთხოვნით გააკეთებენ, როგორც იმუშავეს „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“. თუკი ამერიკის მთავრობამ ეს გააკეთა, ამას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გააკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად და არა ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ოპოზიციის სრული კრახი მოახლოებულ არჩევნებზე უკვე სახეზეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner