logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, იარაღის ჟღარუნმა პოლიტიკაში საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს
- +

11 მაისი. 2023. 21:20

 


იარაღის ჟღარუნმა პოლიტიკაში დაგვაკარგვინა თაობა, საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ჩანს საჯაროდ, რომ არიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან დაფუძნებული პარტიების მიერ, მათი პოლიტიკური ლიდერების მიერ. პირდაპირ მათ მიერ იმართება, ზოგ შემთხვევაში სახელიც კი ერთი და იგივეა - „დროას“ შემთხვევაში მაგალითად, რაიმე სხვა იდენტობა არც კი აქვთ, იქნება ეს ლოგო ან თუნდაც მისამართი. არის ერთი ჩვეულებრივი ასლი პარტიისა და არის მექანიზმი იმისთვის, რომ კანონის გვერდის ავლით მიიღონ დაფინანსება პარტიაში. კერძოდ, როცა საუბარია, რომ თითქოს რაღაც სემინარები ტარდება და იქ იწვევენ პარტიულ ლიდერებს, ეს არის კანონის გვერდის ავლის გზა, რომ პარტიის წევრებს ხელფასები დაურიგდეთ უცხოური წყაროდან, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს უცხოეთიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და დიდი ალბათობით ზუსტად ეს სქემა მუშაობს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საკითხი იყოს შესწავლილი.

რაც შეეხება განცხადებებს თუნდაც IRI-სთან დაკავშირებით და მის საქმიანობასთან დაკავშირებით და საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამ სემინარებზე ახალგაზრდებს ასწავლიან კარგ მოქალაქეობას, - მე არ ვიცი, ვის როგორ ესმის კარგი მოქალაქეობა, მაგრამ იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ სემინარები, რომლებიც სწორედ ამ ორგანიზაციების, რომელთაც IRI აფინანსებს, სწორედ ყალბი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც ხდება ახალგაზრდების შეგუება იარაღთან. ბოლოს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა იარაღი, საქართველომ მთელი თაობა დაკარგა, 90-იან წლებში, ეს ჩემთვის პირადად არის აბსოლუტური წითელი ხაზი, იარაღს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, ყველა ცდილობს, რომ გააუბრალოოს ეს საკითხი იარაღთან დაკავშირებით, იქნება ეს შიდა პოლიტიკოსი თუ დონორი ორგანიზაცია, ის ვერ აცნობიერებს თუ რასთან გვაქვს საქმე ან არ იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას. იარაღის ჟღარუნმა პოლიტიკაში დაგვაკარგვინა თაობა, საქართველო გადაწია ათწლეულებით უკან და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ამიტომ, ეს მთელი ინფორმაცია რაც შეეხება ყალბ არასამთავრობოებს, ყალბი დონორების მიერ ამ „ენჯეოების“ დაფინანსებას და იარაღის ტრიალს სემინარებზე, - ეს არის ჩვეულებრივ ღია ინფორმაცია, იმედი მაქვს, რომ დონორი ორგანიზაციები ამ საკითხს გამოიყენებენ როგორც შანსს, იმისთვის, რომ შეისწავლონ, სად მიდის მათი მოქალაქეების გადახდილი გადასახადები, რატომ იხარჯება ეს თანხები ისეთ სემინარებზე, სადაც რევოლუციური სცენარები განიხილება, იარაღთან მოპყრობა განიხილება, - ამას არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესთან, ამას აქვს ერთადერთი მიზანი - წახალისდეს დესტრუქცია და მე მოველი, რომ დონორები გაემიჯნებიან რადიკალურ ჯგუფებს, ისეთებს, როგორიც არის მაგალითად „გირჩი“, „დროა“, ეს გახლავთ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არჩევნების უარმყოფელები, შემოაქვთ რადიკალური დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში და უფრო წინ წავიდა ამ შემთხვევაში „გირჩი“ და იარაღის ტრიალი დაიწყეს სემინარებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს ასეთ ორგანიზაციებს და შეწყვიტოს ასეთი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. მესმის, რომ ყველას არ აქვს შეიძლება ღრმა ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე იყოს საუბარი, რომ არ დავუშვათ არანაირი რადიკალიზმი“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner