logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე „თავდაცვის კოდექსზე“: ჩვენ სავალდებულო სამსახურს ვამარტივებთ და უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს ვხდით
- +

11 მაისი. 2023. 23:57

 

ჩვენ ვამარტივებთ და უფრო მრავალფეროვანს და კომფორტულს ვხდით სავალდებულო სამსახურს. ფაქტობრივად, კრიტიკისთვის სივრცეს არ ვტოვებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„ზოგადად, კოდექსი სამართლებრივად წარმოადგენს კანონთა კრებულს და ჩვენს სივრცეში ყველა მარეგულირებელი აქტი უნდა მოქცეულიყო ერთ სამართლებრივ აქტში. ამ ყველაფერს კოდექსი დაარეგულირებს. საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ იმას, რომ გამოწვევები თუ ხარვეზები, რაც იყო თავდაცვის უწყებაში, აღმოფხვრილიყო. მათ შორის არის ყველაზე ცნობილი და ხმაურიანი თემა, რომელიც ეხება „გირჩს“ და ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვექნება ამ მიმართულებით. ის გამოწვევა, რაც იყო, რომ პირობითად 20 000 პოტენციური გასაწვევიდან წელიწადში 13 000 თავისუფლდებოდა და თავს არიდებდა სწორედ ამ მიზეზით, აღარ იქნება მომავალში და მივაღწევთ დასახულ მიზანს. არ მინდა, საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რომ ეს მიზანი არის ის, რომ ჩვენ ტოტალურად დავიწყოთ გაწვევა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მიზანი არის დიდი და ძლიერი რეზერვის შექმნა, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ეცოდინება, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. მეორე მხრივ, „გირჩი“ რასაც ქადაგებს, რომ ჯარი უნდა გახდეს ნებაყოფლობითი და პროფესიული, ამ მხრივაც წინ გადადგმული ნაბიჯია. მაშინ როდესაც წვევამდელების ანაზღაურება იყო 60 ლარი, შემდეგ გაუხდათ 125 ლარი, დღეს 250 ლარი აქვთ. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის პერსპექტივაში ეს ანაზღაურება გავხადოთ ისეთი, რომ ადამიანისთვის ჯარში წასვლა შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს. რადიკალიზმი და კატეგორიულად აზროვნება ჩვენი ოპოზიციის დამახასიათებელი თვისებაა და ეს ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრე, ჩვენ ვამარტივებთ და უფრო მრავალფეროვანს და კომფორტულს ვხდით სავალდებულო სამსახურს. ფაქტობრივად, კრიტიკისთვის სივრცეს არ ვტოვებთ. თუ დააკვირდებით მოვლენებს: მას შემდეგ, რაც კანონპროექტი შევიტანეთ საკანონმდებლო ორგანოში, ობიექტური კრიტიკა ვერ გამოითქვა ვერაფერზე. ერთადერთი მექანიზმი, რაც დარჩათ, აპირებენ ხელოვნურად დროის გაწელვას, რომ მეტი სარგებელი მიიღონ. თუმცა ამ საკითხსაც ჩვენ მარტივად არ დავთმობთ“, - აცხადებს ბურჭულაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner