logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანა მინიმალური დანაკარგით ან უდანაკარგოდ გამოვიდეს შექმნილი მძიმე სიტუაციიდან - სწორედ ეს არის ყველაზე რთული, „სლავა უკრაინის“ ძახილზე და გულზე მუშტების "პატრიოტულ" ბრაგუნზე ადვილი არაფერია
- +

12 მაისი. 2023. 10:04

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის და პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენელების განცხადებები ერთმანეთის მსგავსია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევაზე ოპოზიციონერების აპელირებას კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არგუმენტირებულად უპასუხა.

 

კაკაბაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გაუგებარია, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ ხალხის დამსახურებად ჩაითვლება, რატომ უნდა დაბრალდებს სტატუსზე უარის თქმა მხოლოდ ხელისუფლებას. მისი განმარტებით, საქართველო შექმნილი მძიმე სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით ან დანაკარგის გარეშე უნდა გამოვიდეს, რასაც ხელისუფლება ცდილობს.

 

“რას ნიშნავს უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის

 

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. “ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

“იმედია, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში, ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას“ - ამას უკვე მეორე სალომე (სამადაშვილი) აცხადებს.

 

ყველა საკითხში კომპეტენტური და ყოველთვის ყველაფრის მცოდნე თინა ხიდაშელი კი აცხადებს: „1. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთში ფრენებზე; და 2. სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.

 

მოკლედ, ატეხილი კაკაფონიის სხვა მონაწილეთა პოზიციების ციტირებას აზრი არა აქვს, რადგან ისინი სხვადასხვა ვარიაციებით ამ აზრებს იმეორებენ და ამატებენ, რომ ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევის წინაპირობააო.

 

ამ ბრალდებას არგუმენტირებულად და საფუძვლიანად უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც განაცხადა: 

 

„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ არაფერი გვინახავს ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს, როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა… ის ქმედებები, რომელიც საქართველომ გადადგა ამ მიმართულებით არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას“.

 

რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ პუტინს სულაც არ ადარდებს ქართველები და სავიზო რეჟიმის გაუქმებისას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს, ამას რა დიდი განსჯა და განხილვა უნდა? მთავარია, ის გადაწყვეტილება არ აზიანებდეს შენი ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაშიც, მომავალი გვიჩვენებს, რა როლს შეასრულებს ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის.

 

ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოცემაზე უარი გვითხრანო. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, თუ ამ სტატუსს მაინც მივიღებთ, ეს საქართველოს ხელისუფლების კი არა, ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან მის 80%-ზე მეტს თავისი ქვეყნის მომავალი სწორედ ევროკავშირში ესახებაო. ამ ლოგიკიდან ხომ ის გამოდის, რომ ევროკავშირს შეუძლია ანგარიში გაუწიოს ქართველი ხალხის მისწრაფებას და მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი? მაშინ, თუ არ მოგვანიჭეს ეს სტატუსი, რატომ დაბრალდება ეს საქართველოს ხელისუფლებას (როგორც ამას გაჰყვირიან ოპონენტები), ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ანგარიში არ გაუწიეს ქართველი ხალხის იმ 80%-ზე მეტის პოზიციას, რომელსაც თავისი ქვეყნის მომავალი სწორედ ევროკავშირში ესახება? ანუ თუ სტატუსის მონიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის პროევროპული განწყობების გათვალისწინებას უნდა დაბრალდეს, მაშინ ამ ლოგიკით, გამოდის, რომ სტატუსზე უარის თქმაც არა ხელისუფლების, არამედ იმათი ბრალია, ვინც ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს არ გაითვალისწინებს? 

 

ბოლოს, რაც შეეხება ზემოთ მოტანილ ოპონენტთა ერთ-ერთ „მომაკვდინებელ“ ბრალდებას:

 

“საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში, ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას“.

 

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ამბობს: „მხოლოდ ცალტვინა პოლიტიკოსებმა შეიძლება გამორიცხონ რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერი შედეგი 100%-ით და ამტკიცონ, რომ ამ ომში ბირთვული სახელმწიფო დამარცხდება“.

 

ცრუ მოლოდინერია, რომ თურმე რუსეთი ისე დამარცხდება, რომ საერთოდ დაიშლება ან გაქრება მსოფლიო რუკიდან, როგორც ამას ჩვენი ცალტვინა პოლიტიკოსები აცხადებენ. სხვა საქმეა სურვილები და სხვა საქმე - რეალობა. რეალობა კი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის არა რუსეთის ან უკრაინის საბოლოო განადგურება, არამედ არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ უკრაინის ახალი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამარჯვებას კი არ ელოდება, არამედ ცდილობს, ყველანაირი მოსალოდნელი შედეგისთვის მოამზადოს ქვეყანა, რათა ის მინიმალური დანაკარგით ან სულაც უდანაკარგოდ გამოვიდეს შექმნილი მძიმე სიტუაციიდან.

 

დღეს სწორედ ეს არის ყველაზე რთული, თორემ „სლავა უკრაინის“ ძახილზე, რუსეთის ლანძღვაზე და გულზე მუშტების "პატრიოტულ" ბრაგუნზე ადვილი არაფერია. მით უმეტეს, რომ დღეს ეს ყველაფერი მომგებიანი ტრენდია და მაქსიმალურად წახალისებულია ძლიერთა ამა სოფლისათა მხრიდან.” - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner