logo_geo
eng_logo
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შეიქმნა
- +

12 მაისი. 2023. 12:19

 

 

 

თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის „ქართული ღვინო" პრეზენტაცია გამართა.

 

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის აღნიშნული პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

პროგრამის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ.

 

„ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

როგორც შალვა ხეცურიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

 

„პროგრამის მიზანია, ღვინის პროფესიონალებმა საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართულის ღვინის გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

 

ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია; სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მსურველებს სხვადასხვა საგანს 25 ლექტორი შეასწავლის. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) შეიქმნა 2003 წელს; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner