„რომის იმპერიის დროს აშენებული კოლიზეუმი თანამედროვე იტალიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და ტურისტული მიზიდულობის ობიექტია; რომის საღვთო იმპერიისა და ინკვიზიციის პერიოდში ლეონარდო და ვინჩის შექმნილი „ჯოკონდა“ დღემდე გულგრილად არ ტოვებს მილიონობით მნახველს; ბაგრატოვანთა თითქმის ათასწლოვანი მეფობის პერიოდში აგებული სვეტიცხოველი ისევე ამაყად გადმოსცქერის ბებერ მცხეთას და სრულიად საქართველოს, როგორც საუკუნეების წინ... ასეთი შედარებების განხორციელება უსასრულოდ შეიძლება და მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მარადიულობისკენ სწრაფვაზე ფასეულობებს გაცილებით მეტი პრეტენზია და პოტენციალი აქვთ, ვიდრე ამა თუ იმ ოფიციალურ სტრუქტურებს, თვით სახელმწიფოებისა და მით უფრო - ამ უკანასკნელთა ფორმებსა და გაერთიანებებს“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული პოსტულატის მოტანის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩვენთან და საქართველოს საზღვარგარეთელი მეგობარი საქართველოს აკრიტიკებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო.
როგორც ექსპერტი განმარტავს, საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა - 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის - 8%, ჩინეთის - 22%, ხოლო აშშ-სა - 2%:
„ფასეულობები ყოველთვის პირველადია, ხოლო სტრუქტურები - კი მეორადი და შესაბამისად, ერის, ეთნოსის ინტერესების გამომხატველი სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის სწრაფვა, ორიენტაცია როგორც წესი, ფასეულობებზეა და მხოლოდ ამის შემდეგ - ამ ფასეულობების უზრუნველმყოფ და დამცავ სტრუქტურებზე. აღნიშნული პოსტულატის მოტანის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩვენთან და საქართველოს საზღვარგარეთელი მეგობარი („მეგობარი“ - ბრჭყალებში თუ უბრჭყალებოდ - თავად მკითხველმა განსაზღვროს...), საქართველოს აკრიტიკებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო. არადა, საქართველოს შეუდარებლად დაბალი მაჩვენებლები აქვს რუსეთთან ვაჭრობაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თურქეთს და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს - როგორც მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, ისე ამ ქვეყნების თუ სახელმწიფოთა გაერთიანების ეკონომიკის მასშტაბებთან შედარებით.
მაგალითად, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში გაიზარდა 4.7-ჯერ უფრო დაბალი ტემპით (+6.8%) ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის ზრდის ტემპთან (+31.8%) შედარებით, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში ლარი აშშ დოლართან გამყარდა 9.5 პუნქტით, ფიზიკურ მოცულობაში საქართველოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც 3.3 პროცენტით!
რუსეთისათვის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პირობებში, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური კავშირები მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით (- 2022 წლის მიხედვით), ჯერადად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა - დაახლოებით 2.1-ჯერ, ხოლო შეძენილი გაზის საფასური - 3.7-ჯერ. ევროკავშირი კი არა, გაზის ტრანზიტის საფასურად თვით რუსეთთან საომარ ვითარებაში მყოფმა უკრაინამ აგრესორი ქვეყნისაგან 2022 წელს 5-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე საქართველომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტისათვის (შესაბამისად, 570 მლნ. აშშ დოლარი და 112 მლნ. აშშ დოლარი).
ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ის მიმართულებითაც. ამ ქვეყანასაც, ისევე როგორც საქართველოს, რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. მაგრამ აშშ-საც რომ რუსეთთან ვაჭრობაში თავიანთი ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საქართველოსნაირი მაინც ჰქონოდათ, მათი იმპორტი რუსეთისაგან ფაქტობრივთან შედარებით თითქმის 10.0 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლები იქნებოდა (- არაუმეტეს 4.8 მლრდ. აშშ დოლარი, ნაცვლად ფაქტობრივი 14.5 მლრდ. აშშ დოლარისა).
„რუსული მხრიდანაც“ რომ შევხედოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს, დავინახავთ, რომ საქართველოს წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ მოკრძალებულია: ის მხოლოდ 0.3%-ია, მაშინ როდესაც ევროკავშირისა - 32%-ია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი თურქეთის - 8%, ჩინეთის - 22%, ხოლო აშშ-სა - 2%.ყოველი ქვეყანა და მისი ხელისუფლება მოქმედებს თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რაიმე გასაოცარი ან ალოგიკური ზემოთ მოტანილ რიცხვებში არ არის. სამწუხარო და გასაკიცხი კი მხოლოდ ის არის, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის საქართველოს ის პირები და მათ უკან მდგარი სტრუქტურები აქილიკებენ და შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რომელთაც რუსეთთან საქართველოსთან შეუდარებლად მასშტაბური და ინტენსიური აღებ-მიცემობა აქვთ გაჩაღებული. საქართველო და მისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოქმედებს თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად და მოწოდებანი ამ გზიდან გადახვევისაკენ სულ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრებისა და კეთილისმსურველთა სახეს და შინაგან ბუნებას.
ქრისტიანობამდელი, წარმართული პერიოდის ხატოვანი ნათქვამია: „ის რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს“.წარმართობა, ქრისტიანობის სასარგებლოდ, ქართველმა ერმა თითქმის ამ ორი ათასი წლის წინ უარყო. ამიტომ ჩვენთვის უფრო ახლობელი და გასაგები მაცხოვრის ნათქვამია: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოანე, 8:7)“, - წერს იოსებ არჩვაძე.