ავტორი თაკო კვარაცხელია
- ბატონო დავით, მოდით ჩვენი საუბარი „ხალხის ძალის“ შექმნის ისტორიით დავიწყოთ... რამ დაუდო საფუძველი თქვენი მოძრაობის შექმნას და აქვე აგიხსნით, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი, პირველი სწორედ ეს შეკითხვა დამესვა. სოციალური ქსელებისა და ქაოსამდე მისული დემოკრატიის პირობებში, როცა ყველას ყველანაირი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა, ხშირად აზრის გამოთქმა ცილისწამებაში იზრდება და ცილისმწამებელს არავინ სთხოვს, ამაზე აგოს პასუხი... თქვენს შემთხვევაში ამბობენ, რომ „ხალხის ძალა“ ანტიდასავლური და პრორუსული ძალაა - ეს ცილისწამებაა თუ რეალობა?
- „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებას ბიძგი მისცა მსოფლიოში მიმდინარე იმ სახიფათო პროცესებმა, რომელიც თავის თავში ღმერთთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს. გარკვეულმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორია და ისეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს დაუწყეს ბრძოლა, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი - ქალი და მამაკაცი, რომ ნორმალურ, ტრადიციულ და კონსერვატორულ საზოგადოებაში ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობაა... სამწუხაროდ, მსოფლიოს მეტასტაზებივით მოედო ცრუ გენდერული თეორიები და ამ ბნელმა ძალებმა ბავშვებისთვის „დედიკოსა“ და „მამიკოს“ წართმევა მოინდომეს. მათ აქვთ ღია მცდელობა პედოფილიის გარკვეული ფორმების ლეგალიზებისა, თუკი პედოფილია ურთიერთთანხმობით იქნება განხორციელებული. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ მიმდინარეობს ამ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის (რომელიც ყველა დროში მძიმე ცოდვად ითვლებოდა) დაკანონება, იძულებულნი გავხდით, დარაჯისა თუ მესაზღვრის ფუნქცია აგვეღო საკუთარ თავზე და ხმამაღლა გვესაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების განადგურებისკენაა მიმართული. ყველაფერ ამაზე ვიღაცას უნდა ამოეღო ხმა და საზოგადოებისთვის ხმამაღლა უნდა ეთქვა ამ საფრთხეების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ე.წ. ავტორიტეტი იქნებოდა ჩვენი ბრძოლის ობიექტი - აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობა თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ძალა. თქვენ ცილისწამება ახსენეთ და დაგეთანხმებით, ცილისწამება იყო, როცა ჩვენს მიერ ინიცირებულ და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მოქმედ ე.წ. აგენტების კანონის ქართული ანალოგი რუსულ კანონად შერაცხეს. იმ რუსულ კანონად, რომელთანაც მას არანაირი შეხება არ ჰქონია.
- ეს ხომ არახალია, ნებისმიერ ნაბიჯს, ქმედებას თუ კანონს, რომელიც მიუღებელია „მეხუთე კოლონად“ ქცეული ოპოზიციისთვის, ისინი ხომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საფრთხედ ნათლავენ...
- ასეა... ნებისმიერი ქართული, სახელმწიფოებრივი საქმე თუ იდეა ამ ძალების მხრიდან მაშინვე იძენს ნეგატიურ კონტექსტს და ხდება მისი გაიგივება რუსულ კონტექსტთან. აშშ-ის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით ვხელმძღვანელობთ, ჩვენ კი აღარ ვიცით, ამ სიგიჟესა და წარმოუდგენელ სისულელეს სერიოზულად ვუპასუხოთ თუ ხუმრობით. ნებისმიერი ეროვნული, ქართული, მართლმადიდებლური ინიციატივა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან დაახლოვების საკითხიც კი, მათ მიერ მომენტალურად იქნება შერაცხული როგორც რუსული პროექტი, როგორც ანტიდასავლური, ანტიცივილიზაციური მოვლენა და ნებისმიერი ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა აგრესიულ ანტიდასავლურ რიტორიკად იქნება აღქმული, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს ვერ შეგვაშინებს!
- ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატორთა კონფერენციის წინაშე პრაქტიკულად რევოლუციური სიტყვით წარსდგა და ღიად დაუპირისპირდა სიბინძურის იმ ნიაღვარს, რაზეც თქვენ ზემოთ ისაუბრეთ. „მეხუთე კოლონამ“ ღარიბაშვილის სიტყვები მაშინვე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებთან გააიგივა, როცა წლების წინ, ვლადიმირ პუტინმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში არასოდეს იარსებებენ დანომრილი მშობლები. ანუ, თუკი ღარიბაშვილის პირით ნათქვამი ჭეშმარიტება, რომ დედა დედაა, მამა კი - მამა, დაემთხვევა პუტინის პირით ნათქვამ იმავე ჭეშმარიტებას, ამას ოპოზიცია ყოველთვის რუსულ ნარატივად მონათლავს... თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმკლავეს ხელისუფლება ამ სიგიჟის ზღვრამდე მისულ კამპანიას?
- აბსოლუტურად გეთანხმებით და გეუბნებით, რომ ჩვენ ამის გამო არ უნდა დავკომპლექსდეთ! ეს მათი ბრძოლის იარაღია და შეიძლება, ის მისი მავნებლობით ბირთვულ იარაღთანაც კი გაიგივდეს. აი თუნდაც რუსულ სისხლის სამართლის კოდექსსა და ქართულ სისხლის სამართლის კოდექში თითქმის 99 %-ითაა მუხლობრივი თანხვედრა. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსსა და მართლმსაჯულებაზე?! ეს ხომ აბსურდია! ამავე ლოგიკით, შეიძლება მათ რიგებში გამოჩნდეს ისეთი „მოაზროვნეც“, რომელიც ჩვენს სააღდგომო მილოცვას „ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“, გააიგივებს რუსულ მილოცვასთან - „Христос воскрес! Воистину воскрес!“ და მასაც რუსულ ნარატივად მონათლავს. ეს უკვე პარანოიაა! რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას უნგრეთში, კონსერვატორების კონფერენციაზე - ეს ტრიუმფი იყო! ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტიურად საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის პრეზენტაცია მოახდინა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ფსევდო-ლიბერალიზმითა თუ ლიბერალური ფაშიზმით დასნებოვნებული ევროპა და ამერიკა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა იქით ანუგეშა, იქით დაამშვიდა და უთხრა მათ - ნუ გეშინიათ! მან იმ წამლის რეცეპტიც კი უსახსოვრა მსოფლიოს, რომლის მეშვეობითაც საქართველო ყოველთვის ამარცხებდა ბოროტ და ბნელ იმპერიებს - ღმერთი, ოჯახი, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება...
- კი მაგრამ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ასეთი პატარა საქართველო ამ უზარმაზარ წინააღმდეგობას, ასეთ დიდ და ვერაგ მტერს?
- ბიბლიას თუ კარგად გადავიკითხავთ, გავიხსენებთ, როგორ დაამარცხა პატარა, 16 წლის მწყემსმა დავითმა უდიდესი გოლიათი. სანამ ჩვენ უფალთან ვართ, უფალი არ მიგვატოვებს და, სანამ უფალი არ მიგვატოვებს, მოწინააღმდეგის ავტორიტეტი და მასშტაბურობა ვერ შეგვაშინებს. ჩვენზე დიდი პრობლემების წინაშე დგანან ამერიკის კონსერვატიული საზოგადოება და დონალდ ტრამპი, რომლებიც ასევე მიისწრაფვიან უფლისკენ. ტრამპის ბოლო დღეების განცხადება რომ მოვისმინე, სადაც მან ღმერთზე, ოჯახსა და ეროვნულ ფასეულობებზე ილაპარაკა, მეგონა, რომ იგი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით იყო შთაგონებული. ეროვნულ ღირებულებებსა და ქვეყნის სუვერენიტეტზე ალაპარაკდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. იმის თქმა მინდა, რომ იმ სიმახინჯემ, რასაც ლიბერალიზმი ჰქვია, ამერიკაშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც გააღვიძა ძირძველი გენეტიკური მეხსიერება - ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით უნდა ვიაროთ... იმედი მაქვს, მომდევნო არჩევნებში აშშ-ის მოსახლეობა „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც ქვეყნის შიგნით შეებრძოლება ამ შავბნელ ძალებს. ასე რომ, თუკი ამერიკაში მოხდება ამ ძალების დამარცხება და ევროპაც დაინახავს, რომ პარტნიორად სულ სხვა ამერიკა ჰყავს დონად ტრამპის თუ სხვა „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის სახით, ჩვენც უნდა გვქონდეს იმედი, რომ შინაარსობრივად და ხარისხობრივად სულ სხვა საპარტნიორო ურთიერთობაზე გადავალთ როგორც ევროპასთან, ისე - ამერიკასთან!
- როგორ ფიქრობთ, მოგვენიჭება თუ არა წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და არმონიჭების შემთხვევაში, ეს ოპოზიციის მიერ ისევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის იარაღად ხომ არ იქნება გამოყენებული?
- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არავითარი სტატუსისთვის არ მოხდება ვაჭრობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით! საქართველოს სტატუსი ეკუთვნის და მის მისაღებად არ გვჭირდება თხოვნა, მუდარა და მუხლის მოდრეკა. ის, რაც ევროპამ უსამართლოდ არ მოგვანიჭა, უნდა მოგვანიჭოს! გარდა ამისა, აბსოლუტურად გეთანხმებით, დესტრუქციული ძალები სტატუსის არმინიჭებას გამოიყენებენ იარაღად იმისთვის, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთხელ არიონ ქვეყანაში სიტუაცია, ჩვენ მათ ეს იარაღი ხელიდან უნდა გამოვაცალოთ. მაგრამ თუკი ვინმე არ ელოდება კონსერვატიულ, ტრადიციულ, ღმერთის მოყვარე საქართველოს ე.წ. პროგრესულ ევროპაში, მაშინ საქართველოსაც არ უნდა ეჩქარებოდეს ასეთი გარყვნილების წევრობა. ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, მაშ შემდეგ, რაც შარშანდელი უსამართლობა იქნება გამოსწორებული და შემოდგომაზე ამ სტატუსს მივიღებთ, ე.წ. საგზაო რუკას შევადგენდი ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, სადაც პუნქტობრივად გავწერდი ახლა უკვე ჩვენი ფასეულობების პუნქტებს, რომლებსაც ჩვენ არასოდეს დავთმობთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირებულებები და ისინი არცერთ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე არ უნდა დავახურდავოთ!
- ბატონო დავით, ის, რომ გარედან მართულ ამ ძალებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებისა თუ რევოლუციის მცდელობა აგერ 2023 წელსაც აქვთ, 2012 წლის ე.წ. კოაბიტაციის შედეგი ხომ არაა და, როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოვიდა დრო, რომ გაიმართოს სასამართლო და დამნაშავე პარტიას პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს?
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოში შეიქმნა უნიკალური სიტუაცია - საქართველოს ჰყავდა მოქმედი პრეზიდენტი და არჩევნებში გაიმარჯვა მასთან დაპირისპირებულმა ძალამ და ამ ძალის ლიდერმა - ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, ეს ე.წ. კოაბიტაცია გარდაუვალი პროცესი იყო. მაგრამ თუ იმას მკითხავთ, ზედმეტად ხომ არ გაგვიგრძელდა კოაბიტაციის რეჟიმიო, გიპასუხებთ, რომ კი, სამწუხაროდ ასეა! სწორედ ამიტომ, მესმის ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღიზიანება. ნიურნბერგის პროცესს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრეცედენტიც უახლოეს ისტორიაში, როცა აიკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია, ანუ ჩვენ თურმე შეგვძლებია, ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პარტიის არსებობა-არარსებობის საკითხზე და ამისთვის არ გვჭირდება მსოფლიოში პრეცედენტების ძიება. გასამართლებას რომ თავი დავანებოთ, საპარლამენტო კომისიის დონეზეც კი ვერ გამოვუტანეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ანტიადამიანურ რეჟიმს პოლიტიკური შეფასება, რაც მართლაც სირცხვილია!