„ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მმართველმა გუნდმა, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პრაგმატული და მართებული გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ ევროპის სოციალისტური პარტია საკუთარ ღირებულებებს დაშორდა, მოხდა ღირებულებათა აღრევა, რაც მათ პოზიციებში გამოიხატება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხშირად ევროპული სოციალისტების პოზიცია მმართველი გუნდის საწინააღმდეგო, ბუნდოვანი და გაუგებარი იყო:
„ევროპის რომელიმე პარტიაში ყოფნის მთავარი მოტივი, ღირებულებათა თანხვედრა და შენი ინტერესების გატარებაა, რასაც ევროპული სოციალისტური პარტია არაჯეროვნად აკეთებდა. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათი პოზიცია მმართველი გუნდის საწინააღმდეგო, ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. ისინი არ იცავდნენ პარტნიორული თამაშის წესებს, რაც თანამშრომლობას და შეჯერებული პოზიციების გახმოვანებას გულისხმობს. სამარცხვინო იყო ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადება, „კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობამ ლიბერალებში შეშფოთება გამოიწვია, ევროპამ გვაჩვენა საკუთარი სახე, მათ ეროვნულობისგან დაცლილი, ცალ ფეხზე მდგომი, ადვილად სამართავი საქართველო სჭირდებათ, რომელსაც არ ექნება წარსული, რაც თავის თავში მომავლის არ ქონას გულისხმობს.
სააკაშვილი დიდხანს გვარწმუნებდა, ლამის დაგვაჯერა, რომ მის გამოჩენამდე საქართველო არ არსებობდა, მან შექმნა სახელმწიფო და ა.შ. ევროპას სწორედ ასეთი, წარსულის არმქონე, ახალი საქართველო სურს. ბატონებო! ვერ მიიღებთ ახალ, იდენტობა დაკარგულ საქართველოს, რადგან ბევრი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, საქართველოს ისტორია ასეულობით ტომს მოიცავს და არა ერთ ცარიელ ფურცელს. ჩვენი ისტორია, სისხლით და ხმლით იწერებოდა, ის მარტივად ვერ დაითმობა. ჩვენ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა გვინდა, ევროპა რომელიც საკუთარი ოჯახის, ღირსეულ სრულუფლებიან წევრად მიგვიღებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართველ ხალხს, საკუთარი ისტორიის დაკარგვად, არცერთი გაერთიანება არ უღირს! პატივი ეცით ჩვენს სუვერენიტეტს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.