„მე რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი ვიყო, ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირსა და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კულტურის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ჩვენი არაერთი მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, საქართველო არ აპირებს სანქციებს გადაუხვიოს.
„ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რატომ მიიღეს ახლა და არა ვთქვათ, ადრე ან ცოტა გვიან, რასაკვირველია, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვაპირებთ სანქციებს გადავუხვიოთ. აისახება თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.