საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში, შესაძლო „დაღლილობის“ შესახებ სპეკულაციების მიუხედავად.
ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის 15 თვის შემდეგ, რუსეთს კვლავ აქვს უკრაინის დამორჩილებისა და მისი განადგურების განზრახვა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა უკრაინის მხარდასაჭერად.
„და მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ არის და არ იქნება რაიმე დაღლილობა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში უკრაინა უარს ვერ იტყვის ბრძოლაზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მის, როგორც ერის არსებობას.