logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ მიმოსვლაზე: რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რაც შეეხება ფრენებს, თავის დროზე რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული სასჯელი მოიხსნა
- +

14 მაისი. 2023. 17:02

 

 

„ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“,  - ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება პირდაპირი ფრენების აღდგენას, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე წლის წინ დაუწესა სასჯელი, რომელიც თავადვე მოუხსნა.

 

„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს. რაც შეეხება ფრენებს, ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, რომელიც არის შემდეგი: თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან ასევე განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო პრინციპებთან სრული თავსებადობით იმოქმედებს, რაც მხოლოდ არასანქცირებული ბორტების მიღებას გულისხმობს.

 

„ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner