„სუვერენიტეტის დაკარგვა ჩვენ დროში ნიშნავს იმას, რომ შენი საშუალებით სხვები დაიწყებენ ომს. იქცევი საზარბაზნე ხორცის ფარშად. ფორმალურად გეყოლება მთავრობა, მაგრამ მთავრობას არანაირი ემპათია არ ექნება საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ“, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჭოტორლიშვილის თქმით, მედიის გამოყენებით ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში, მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგიაა. მისივე განმარტებით, სუვერენიტეტის დაკარგვა და გარე მართვაზე გადასვლა, პროპაგანდით და ტყუილით მიიღწევა, ვინაიდან ზიზღის კრიტიკულ ზღვართან მიახლოებისას, ადამიანები თვითგადარჩენის ინსტინქტს და რაციონალური აზროვნების უნარს კარგავენ. შედეგად, დაინტერესებულ ძალებს მარიონეტული მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ეძლევათ.
„სუვერენიტეტის დაკარგვა ჩვენ დროში ნიშნავს იმას, რომ შენი საშუალებით სხვები დაიწყებენ ომს. იქცევი საზარბაზნე ხორცის ფარშად. ფორმალურად გეყოლება მთავრობა, მაგრამ მთავრობას არანაირი ემპათია არ ექნება საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. იქნება ბევრი მედია პროპაგანდა, ტყუილი, ნგრევა და სისხლი.
მთავარი ტექნოლოგია გარე მართვაზე გადასვლის არის ზიზღი. წლების განმავლობაში საზოგადოებაში მედიის გამოყენებით ხდება ზიზღის გაღვივება: მორწმუნეებს და ათეისტებს შორის, მდიდრებს და ღარიბებს შორის, ახალგაზრდებს და ასაკოვნებს შორის, განათლებულებს და გაუნათლებლებს შორის, ქალებს და კაცებს შორის, ჰეტეროს და ლგბტ-ს შორის, ქალაქელებს და სოფლელებს შორის. მერე როდესაც ზიზღის და ბოღმის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ადამიანები კარგავენ რაციონალური აზროვნების უნარს, უჩლუნგდებათ თვითგადარჩენის ინსტინქტი და ზუსტად ამ დროს ლანგარზე მიართმევენ კარგად შეფუთულ ბოროტ პერვერტ მარიონეტს.
ძალიან მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგიაა რომელიც მუშაობს ყველგან, სადაც ზიზღისთვის არსებობს ნოყიერი ნიადაგი. საქართველო ბეწვზე გადარჩა 2012წელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვება საბოლოოა. მტერი მუდმივად შეეცდება რევანშს“, - წერს ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.