logo_geo
eng_logo
ლარს ლოკე რასმუსენი: დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ!
- +

15 მაისი. 2023. 14:16

 

 

„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, –  ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

 

„ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“, - განაცხადა დანიის პირველმა დიპლომატმა.

 

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს 14 მაისს ეწვია.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

 

აღსანიშნავია, რომ  ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

 

ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner