logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი: თუ ფრენები დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა დააშავა პატარა საქართველომ
- +

15 მაისი. 2023. 15:31

 

 

„თუ ფრენები დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, არაბული სახელმწიფოები, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. თუ მათ აქვთ ფრენების შესრულების უფლება რუსეთში და არ ხვდებიან სანქცირებულ ქვეყნების სიაში, რა დააშავა პატარა საქართველომ“, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეირვეისის“ დირექტორის თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მინდა, გამოვეხმაურო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხს.

 

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას იმისათვის, რომ ისინი მუდამ ფიქრობენ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე. სწორედ ამით არის განპირობებული მათი მხრიდან დადებითი შეფასება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით. წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს გაუადვილდება რუსეთში მიმოსვლა საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსანახულებლად? რამდენ მშობელსა და შვილს მიეცემა ერთმანეთის ხშირად ნახვის საშუალება? ძალიან ბევრი კამათობს იმ საკითხზე, თუ რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რაც სამარცხვინოდ მიმაჩნია, რამეთუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთა რაოდენობას რეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოველი ქართველი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რუსეთში ასი ქართველი იცხოვრებს თუ მილიონამდე ქართველი, რამეთუ ჩვენთვის ერთი ქართველიც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც – ათასობით. მით უფრო, ყველანაირი სტატისტიკით, საქართველოს ფარგლებს მიღმა ყველაზე მეტი ქართველი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. შესაბამისად, წლების განმავლობაში რუსეთთან სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების არარსებობა ხელს უშლიდა ქართულ ოჯახებს ერთმანეთისთვის ჭირისა თუ ლხინის გაზიარებაში. ქართველები კვირაობით, ხანდახან კი თვეობით ელოდებოდნენ ვიზის მიღებას და ბევრი მათგანი რამდენიმე დღე უნდებოდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას. რუსეთის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდება საკუთარ ოჯახებთან ურთიერთობა, რაც განაპირობებს მათ კეთილდღეობას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია საქართველოს სახელმწიფოს კეთილდღეობის, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გამართლებულია და ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.

 

ასევე მინდა, შევეხო რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეაქციას, რომლებმაც დაგმეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. მოგახსენებთ, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთ უსაფუძვლო და უსუსური ტალახის სროლის მცდელობას, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების ჩასაწერად. მათ არ ამოძრავებთ ქართველი ხალხის ინტერესი, უფრო მეტიც, ისინი არ ტოვებენ მიზეზს და საბაბს, რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება. დამერწმუნეთ, ეს აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა მათი მხრიდან, რამეთუ ქართველი ხალხი არის ბრძენი და დარწმუნებული ვარ, სწორედ იქნება შეფასებული და გაგებული ასევე შორეულ ისტორიულ ჭრილში აღნიშნული გადაწყვეტილებების მართლზომიერება.

 

რაც შეეხება შეკითხვებს, თუ როდის დაიწყებს ფრენების განხორციელებას უშუალოდ რუსეთის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისი“ – მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია მრავალ ტექნიკურ და სამართლებრივ პროცედურების გავლასთან.

 

მსურს, შევეხო სანქციების თემას, განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ორმაგ სტანდარტებზე, კერძოდ, ის, რაც დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, არაბული სახელმწიფოები, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. მათ თუ აქვთ ფრენების შესრულების უფლება რუსეთში და არ ხვდებიან სანქცირებულ ქვეყნების სიაში, ვსვამ კითხვას, რა დააშავა პატარა საქართველომ და მისმა პატარა ავიაკომპანიამ, რომელიც, მით უმეტეს, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს რუსულ ეკონომიკაზე, თუკი უარს იტყვის ფრენების განხორციელებაზე რუსეთის მიმართულებით. სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი. ამასთან, თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო ერთ ფაქტზე, კერძოდ, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათ წელზე მეტი ხანია, საქართველოს საზღვარი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ღია არის რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყოველდღიურად საზღვარს დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი კვეთს ავტომობილით, ველოსიპედით, ურმით თუ ფეხით. ვინც რუსეთის მიერ ვიზების მოხსნის თუ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი მხოლოდ ქართველი ხალხის მოტყუებით არიან დაკავებულები, რამეთუ არავითარი მნიშვენლობა არ აქვს, რა საშუალებით გადმოკვეთს რუსეთიდან შემოსული ადამიანი საზღვარს, ეს იქნება საჰაერო თუ სახმელეთო გზებით.

 

რაც შეეხება ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა თუ ჯგუფების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველანაირი საშუალებით შეუშლიან ხელს რეისების განხორციელებას, მინდა – ყველას მოვუწოდო და შევახსენო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ, ცივილურ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით არის გარანტირებული. თუმცა, მუქარა ფრენების ხელშეშლასთან დაკავშირებით არის კანონდარღვევა და მისი აღკვეთა სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებაა”, – წერს თამაზ გაიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner