„2021-2022 წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება უკვე აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. თვალსაჩინოებისათვის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 23.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 21.2 პროცენტით. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ გააუმჯობესა უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი (საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი), რაც აისახა კიდეც ლარის გაცვლით კურსზე ამერიკულ დოლართან მიმართებაში, გამყარების მიმართულებით“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება, რაც შრომის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, კერძოდ 15-29 ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე შემცირდა 4.7 პროცენტული პუნქტით და 30% შეადგინა:
„2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4 პ.პ-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა. ამასთან, 2019 წელთან შედარებითაც წინა კოვიდ პანდემიურ შოკამდე უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებითაც 0.3 პ.პ-ით არის შემცირებული. აღნიშნული ნათლად ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე. უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1 283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. 2022 წელს სამუშაო ძალა 18.0 ათასით გაიზარდა და 1,551.6 ათასი კაცი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც, რაც გამოიხატება ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და ყველა რეგიონში (კახეთის გარდა) უმუშევრობის დონის შემცირებით, ასევე არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალის მაჩვენებლების შემცირებითა და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდით. უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება, რაც შრომის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, კერძოდ 15-29 ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე შემცირდა 4.7 პროცენტული პუნქტით და 30% შეადგინა.
ასევე, მნიშვნელოვნად - 3.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (30.7%-ს შეადგენს) იმ 15-29 წლის ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEETs). 2022 წელს ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა შემდეგ სექტორებში გაიზარდა: მრეწველობა (გაიზარდა 15.3 ათასით და 152.4 კაცს მიაღწია); მშენებლობა (გაიზარდა 14.2 ათასით და 108.6 კაცს მიაღწია); ვაჭრობა (გაიზარდა 12.0 ათასით და 192.7 კაცს მიაღწია) და განთავსების და საკვების მიწოდების საქმიანობები (გაიზარდა 9.2 ათასით და 42.6 კაცს მიაღწია),“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.