საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის პროექტში „შეხვედრა რეგიონულ მედიასთან" აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნებას" სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს. აქვე, ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობისგან" იყო მართული.
„ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჩემდა გასაოცრად, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა. ეს ახალი რაც შექმნეს, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ა.შ. იქვე შევიდა პაატა ბურჭულაძეც.
მთავარი „ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ეს გახლავთ, სადაც სააკაშვილმა ძირითადი ძალები გააერთიანა. ბურჭულაძე და მისი განცხადებები გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მას მთელ სტრუქტურას.
როდესაც მეკითხებოდნენ ბურჭულაძეზე, ყოველთვის ვამბობდი, რომ არ იცრუოს და ახლა მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს მგონი აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან" იყო მართული. ისინი ულაგებდნენ ყველაფერს და მათგან მოვიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.