logo_geo
eng_logo
აღარ წაშავდა?!
- +

16 მაისი. 2023. 12:39

 

 

სათაურში გამოტანილი სიტყვების ადრესატის „მოღვაწეობის“ ტრაგიკომიკურობის მთავარი ნიშანი, მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ ამ მძიმე შინაარსის ფრაზაში  ათიდან ცხრა ქართველი ზედმეტი დაფიქრების გარეშე გამოიცნობს, ვისზეა საუბარი და ჩემს განწყობას სრულად გაიზიარებს.

 

„განსხვავება ახლა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელ ქვეყანაში, რათა გაენადგურებინა უკრაინის სუვერენიტეტი და იდენტობა. ეს არის მთავარი, რაც 2019 წლის შემდეგ მოხდა. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა“, - ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების ვადაგასული ელჩის პასუხია ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ასეთი შინაარსის უნდა ყოფილიყო: თქვენი წინამორბედი 2019 წელს მძიმე შეფასებებს რომ აკეთებდა რუსეთის მიერ ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ახლა, დღეის მდგომარეობით რა შეიცვალა, რა განაპირობებს თქვენს სრულიად საწინააღმდეგო პოზიციასო.

 

როცა ვამბობ, „არც მეტი, არც ნაკლები“, ამით გაკვირვებანარევი აღშფოთების და თქვენ წარმოიდგინეთ, შეშფოთების გამოხატვასაც ვცდილობ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ სიბრიყვეებს როშავს იმ სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც მთელ დასავლურ სამყაროს და ამ სამყაროს ნაწილად ყოფნის გულუბრყვილო მსურველებს მთავარ იმედად ეგულებათ მათი უსაფრთხოებისა და მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში. კელი დეგნანის კვალიფიკაციის დაბალი დონე, არაკომპეტენტურობა და აქედან გამომდინარე, „თანამდებობისთვის შეუფერებლობა“ მის ზემდგომებს და მთლიანად აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას ვერ მოუხსნის პასუხისმგებლობას პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ მისი ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არაერთგზის გამოვლენილი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამო.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს ოცდამეერთე საუკუნის დოქსოპულო მთელი ქართველი ერის მიმართ პირადი შურისძიების დაუოკებელი ჟინითაა შეპყრობილი, იმ ვერშესრულებული „საბრძოლო დავალების“ გამო, რაც საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის იძულებას გულისხმობს. ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების აყირავება რომ ვერ მოახერხა, „თავისი ნაძირალების“ ხელახლა აღსაზევებლად?! ორი ირაკლისგან განსხვავებით, „შუქურა“ ხომ ციმციმ, კუნტრუშ-კუნტრუშით „გაუიმასქნებდა“ „საზარბაზნე ხორცს“?  

 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ეგ არაფერიო, საქართველოს 20% 2019-შიც ოკუპირებული რომ იყო და ახლაც ოკუპირებულიაო, მერე რა, რომ თქვენთვის არაფერი შეცვლილაო. აი, „უკრაინის ოკუპაციისა და მისი სუვერენიტეტისა და იდენტობის განადგურების“ მცდელობაა საქმეო. საქართველოს ოკუპაცია საჰაერო მიმოსვლის მიუღებლობისთვის მიზეზი ვერ იქნებოდაო, უკრაინის ოკუპაციის მცდელობა კი, აპ-აპ-აპო... ფაქტობრივად, უაპელაციოდ გვიცხადებს, როგორ კადრულობთ და საქართველოს ოკუპაციას და უკრაინის ოკუპაციის მცდელობას ერთმანეთს როგორ ადარებთ, თუნდაც თქვენი გადმოსახედიდანო, სად თქვენ და სად ისინიო.

 

ჩვენი ოკუპაცია „ღობეს ჩხირი“ რომაა ზემოთ ციტირებული მარგალიტების ავტორისა და მისი უფროსებისთვის „ვაშინგტონის კრემლიდან“, კიდევ ერთი „შედევრიდან“ ჩანს - „რუსეთის უკრაინაში, მეზობელ ქვეყანაში შეჭრა, უპრეცედენტო ამბავია“-ო. თუ კელი დეგნანი არ ხარ, მსგავსს, როგორც არ უნდა ეცადო, ვერ მოიფიქრებ - „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...“ ამ ქალბატონმა ან სიტყვა „უპრეცედენტოს“  მნიშვნელობა არ იცის და „ტვინების ომის კლუბში“ საკუთარ რეკორდს კიდევ ერთხელ ხსნის, ან უნებლიეთ გაამჟღავნა „დიდი საიდუმლო“, რომ საქართველოში შემოჭრა რუსულ-ამერიკული გარიგების (გავლენების გაყოფის დიდი გეგმის) ნაწილი იყო. მართლაც მოხერხება უნდა - რუსული ტანკების ორი შემოჭრიდან „მეზობელ სახელმწიფოში“ პრეცედენტად არც ერთს „რომ არ  ჩაგითვლის“ „პარტნიორი“ სახელმწიფოს „დიპლომატი“(?).  

 

თან წერტილს რომ ვერ სვამს და სისულელეს სისულელეს რომ უმატებს? ერთ კითხვაზე პასუხში ამდენი როგორ უნდა შეგეშალოს? - „უკრაინაში შეჭრილი სასტიკი აგრესორისგან საჩუქარი როგორ უნდა მიიღოო“. ქალბატონი დეგნანის შეფასებებისა და დასკვნებისთვის ძნელია ეპითეტების მოძებნა. ეს ბრძნული აზრების საბადო „უთავმოყვარეო ქართველებს“ დედაშვილურად გვმოძღვრავს, რომ საქართველოში შემოჭრილი რუსეთი 2019-ში არ იყო „სასტიკი აგრესორი“, როცა მისი კოლეგა მთელი შემართებით უკიჟინებდა კრემლის მამებს, თქვე უსინდისოებო, ფრენებს როგორ კრძალავთო და უკრაინაში რომ შეიჭრა მაშინ გახდა „სასტიკი აგრესორი“ და „საჩუქრის მიღება“ უკვე აღარ შეიძლებაო.

 

არის მეორე ვერსიაც - საქართველოში შემოჭრილი აგრესორისგან „საჩუქრის მიღება“ მოსულა, ხოლო უკრაინაში შეჭრილი აგრესორისგან ისევ აპ-აპ-აპა...

 

აღნიშნული მავანმა შეიძლება გამწარებულზე ნიშნის მოგებით ნათქვამად ჩამითვალოს. არამც და არამც - 1993-დან 2008-მდე, 2008-დან 2019-მდე და 2019-ის შემდეგაც არავის აზრად არ მოსვლია, რომ აგრესორისთვის სანქცია „ეკადრებინა“ (რუკაზე ძლივს რომ ჩანს, იმ საქართველოსთვის იმხელა გოლიათებმა აბა თავი როგორ უნდა შეიწუხონ?). არც ჩვენგან მოუთხოვია არავის სანქციის დაწესება, ანუ ოკუპანტთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა, დავუშვათ, „მეგობრების“ მხრიდან დეფიციტის შევსებაში თანადგომის პირობით. პირიქით, „გაგებით ეკიდებოდნენ“ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და გაუგონარი „გვერდში დგომა“ გამოიჩინეს, როცა ამ უკანასკნელმა ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლომდე გულახდილები რომ ვიყოთ - „მეგობრები“ „სტატუს-კვოს“ დაფიქსირებაზე გადაერთნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, ჩვენი პრობლემები თავიდან აერიდებინათ - ასეთია მწარე სიმართლე.

 

აი, „მეზობელ უკრაინაში უპრეცედენტო შეჭრა რომ განახორციელა სასტიკმა აგრესორმა“, სწორედ მაშინ შეიქმნა ახალი რეალობა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, წლების განმავლობაში ყველასგან მიტოვებული საქართველოსთვის. უფრო მეტიც, საქართველოსთვის სხვებზე მეტადაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელ ე.წ. დასავლეთზე მეტადაც - თურმე ჩვენ, ოკუპირებულ ქვეყანას, უნდა დაგვეწესებინა სანქციები, თუნდაც საკუთარი მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ; დემონსტრატულად უნდა გაგვეგზავნა შეიარაღებული რაზმები, როცა საკუთარ მოქალაქეებს მოხალისეებად შემოვლითი გზებით წასვლასაც უკრძალავდნენ; მიგვეწოდებინა შეიარაღება, ანუ შეგვექმნა ყველანაირი პირობა რუსეთის „მეორე ფრონტზე“ „წამოკიდებისთვის“, „რათა შევხიდებოდით უკრაინელ ქალებს და ბავშვებს ქართველი ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეებით“...  

   

დანარჩენი იცით...

 

ბიძინა  დვალი

16.05.2023 წ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner