„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, ამ თემით ისპეკულიროს და სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემით ბევრი ადამიანი ეწევა პოლიტიკურ, ძალიან სახიფათო სპეკულაციას. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ თუ არა და სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს. ეს იქნება ორმხრივი დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. წინასწარ რამის თქმა ნაადრევია, მე მექნება მათთან შეხვედრები, მაქვს კომუნიკაცია, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ექნება საშუალება და დრო, სრულად შეისწავლოს ეს საკითხი და მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის უზრუნველყოფს ყველა კონფესიის მიმდევართათვის შესაბამისი უფლებების დაცვას.
„თუ იქნება საჭიროება, თუ მათ ექნებათ სურვილი და არსებულ სამლოცველოებში ვერ ეტევიან, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ და არანაირი წინააღმდეგობა არ გვექნება", - აღნიშნა პრემიერმა.