logo_geo
eng_logo
„აღვირახსნილ ცილისწამებას სათავე, არც მეტი - არც ნაკლები, „ნაციონალებმა“ დაუდეს“
- +

2 სექტემბერი. 2016. 23:19



„ასე და ამგვარად: საარჩევნო კამპანია „გახურდა" და ე.წ. კომპრომატების ომიც ისეთ აქტიურ ფაზაში გადავიდა, ცეცხლის ნამდვილი წინა ხაზი მიგვიქარავს", - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია" სტატიას აქვეყნებს.


გამოცემის თქმით, ის, რაც დღეს ხდება, არის ცილისწამება და ის კომპრომატები, რასაც საზოგადოების აქტიური ადამიანები ერთმანეთს უყენებენ, არანაირი „შავი პიარის" წესებში არ ჯდება.


„თუმცა ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ის, რაც ხდება, „კომპრომატების ომი" კი არა, უფრო ჭორაობაა, თან აი, ისეთი, ყველაზე ენამყრალი ადამიანები რომ ჭორაობენ ხოლმე.

 

ზოგადად, თუ უკანასკნელი ქართული პოლიტიკის, უფრო სწორად, არჩევნების ისტორიას თვალს გადავავლებთ, მამხილებელი მასალების გამოქვეყნება ყოველთვის მოდური და აქტუალური იყო, თუმცა ადრე, ანუ შორეულ 90-იანებში თუნდაც „შავი პიარი" გარკვეულ ლოგიკაში ჯდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები როცა ვინმეზე რამეს ამბობდნენ, ცდილობდნენ, ამ ნათქვამის გასამყარებლად რამე ფაქტი მოეშველიებინათ. დღეს კი პოლიტიკური „ფეისები" ერთმანეთს „მეზობლის ბავშვის შეჭმას" ისეთი უდრტვინველი სახით აბრალებენ, გეგონება, კონკურენტზე რამე საამაყოს ჰყვებიან.

 

მათ, ვინც პიარში ერკვევა, გაგონილი ექნებათ ფრაზა, პოპულარობისთვის ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ბოლო დროს ის ურთიერთბრალდებები, რასაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ, უბრალოდ, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ერთმანეთს უყენებენ, „შავი პიარის" წესებშიც კი აღარ ჯდება. უფრო მეტიც, ეს ჩვეულებრივი ცილისწამებაა და მეტი არაფერი", - წერს გამოცემა.



გაზეთი „ვერსია" წერს, რომ ქართულ პოლიტიკაში აღვირახსნილ ცილისწამებას სათავე „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუდო.


„ახლა, სამართლიანები თუ ვიქნებით და გულწრფელად ვიტყვით, ქართულ პოლიტიკაში აღვირახსნილ ცილისწამებას სათავე, არც მეტი - არც ნაკლები, ნაციონალებმა დაუდეს, თუმცა დღეს ძალიან უკვირთ, ასე როგორ შეიძლება, ვისაც პირზე რა მოადგება, იმას გვაბრალებს და ამის გამო პასუხს არ აგებსო.

 

დაბრალება ისეთი უნდოდა, ნაციონალები რომ აბრალებდნენ, თან მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, რიგით მოქალაქეებსაც. ყოველ შემთხვევაში, ყველას კარგად გვახსოვს, იგივე 2007 წლის 7 ნოემბრის მერე ერთი ამბავი რომ ატეხა მიშას „სადაქალო-საძმაკაცომ", ოპოზიცია კრემლთან არის შეკრულიო; მერე იყო და, ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი ადამიანი დაიჭირეს, მათ შორის, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ფოტოგრაფები, თუმცა მაშინაც ყველამ იცოდა და მერე, დრომაც დაადასტურა, რომ ყველაფერი ეს, უბრალოდ, ცილისწამება იყო და მეტი არაფერი.

 

რაც შეეხება თავად აღვირახსნილი ცილისწამების დაკანონებას, ეს გიგა ბოკერიასა და „თავისუფლების ინსტიტუტის" ინიციატივით მოხდა, ანუ ადრე კანონში არსებობდა მუხლი, რომლის თანახმადაც, ის, ვინც ადამიანს ცილს დასწამებდა, ისჯებოდა, მაგრამ ქართული პოლიტიკის „პრივატიზება" რეფორმატორებმა რომ მოახდინეს, აქაოდა, დემოკრატიის შუქურები ვართო, სისხლის სამართლის კოდექსიდან ის მუხლი ამოიღეს, რომელიც ცილისმწამებელს პასუხისმგებლობას აკისრებდა. ჰოდა, ასე მივიღეთ „საკანონმდებლო ხვრელი", რომლის თანახმადაც, შეგიძლია, ადამიანს დააბრალო, რომ აქლემია.

 

ეს აქლემად მონათლული ადამიანი კი წავა სასამართლოში და საკუთარი ღირსების დაცვას შეეცდება, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მტკიცების ტვირთი „თემიდას სახლშიც" „ბრალდებულზე" მოდის ანუ „ბრალმდებელმა" კი არ უნდა მოიტანოს იმის დამადასტურებელი მასალები, რომ მის მიერ აქლემობაში მხილებული პიროვნება მართლაც აქლემია, არამედ, აქლემობაში ეჭვმიტანილმა თავად უნდა ამტკიცოს, რომ აქლემი კი არა, ჩვეულებრივი, ორფეხა ადამიანია.

 

ყველაფერი ეს აბსურდული უფრო იმიტომაა, რომ ჩვენში ცილისწამების მსხვერპლნი, როგორც წესი, თანამდებობის პირები ხდებიან ხოლმე, მაგრამ ვინაიდან ისინი საჯარო მოხელეები არიან, თმენის ვალდებულება აქვთ და არ შეუძლიათ, „ბრალმდებელს" პასუხი გასცენ.

 

თმენის ვალდებულება გასაგებია, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ასეთ დროს საჯარო მოხელის ღირსებას კანონი უნდა იცავდეს და თმენის ვალდებულებაც გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ აქლემობაში, ან სულაც მეზობლის ბავშვის შეჭმაში ეჭვმიტანილი მხოლოდ თმენის ვალდებულების ამარა რჩება და თუ მოუნდება, მთელმა ქვეყანამ შეიძლება, ნაგავში ამოთხვაროს", - წერს გაზეთი „ვერსია".


გამოცემის თქმით, ბოლო დღეებში „ცილისწამების კამპანიამ აღვირახსნილი სახე მიიღო".


„მთელ ამ ბაკქანალიაში კი საინტერესო ისაა, რომ ადამიანები ამ პრობლემაზე მაშინ ლაპარაკობენ, როცა ოპოზიციაში არიან, მაგრამ მერე, თუ ბედმა გაუღიმა და ხელისუფლებაში მოხვდნენ, ეს საკითხი აღარ ახსენდებათ ან ახსენდებათ, მაგრამ მის წინა პლანზე წამოწევას, შეიძლება, იმიტომ არ ჩქარობენ, რომ იმავე დაუსჯელი ცილისწამების წყალობით, ოპონენტზე შურს ადვილად იძიებენ. სხვათაშორის, ბოლო დღეებში ამ ცილისწამების კამპანიამ, როგორც იტყვიან, აღვირახსნილი სახე მიიღო, თან რაც ყველაზე საინტერესოა, ცალკეული ადამიანები გამოდიან და ამტკიცებენ, რომ იმის შესახებ, რასაც ოპონენტებს აბრალებენ, ძალოვან უწყებებში მასალები დიდი ხანია დევს. აი, აქ კი, ახალი პრობლემა იჩენს თავს - თუ კონკრეტულ პიროვნებაზე სისხლისსამართლებრივი ფაქტები არსებობს და ამის შესახებ, ვთქვათ, პროკურატურისთვის კარგა ხანია, ცნობილია, მაგრამ გამოძიებას ზრდილობისთვის მაინც არ იწყებს, ესე იგი, გამოდის, საქმე, მინიმუმ, დანაშაულის დაფარვასთან გვაქვს?

 

თუმცა, აქ შეიძლება, ისიც ითქვას, რომ ენაგრძელთა ცილისწამების მსხვერპლი თავად საგამოძიებო უწყებაცაა, ანუ თითიდან გამოწოვილი ამბით ორი კურდღლის დაჭერა ხდება - ოპონენტის იმიჯი და რენომე სამარადჟამოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამასთან ერთად, სახელმწიფო უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხიც ქვეითდება.

 

სხვათაშორის, ქართულ პოლიტბაზარზე, ალბათ, არ არსებობს სუბიექტი, რომელიც ცილისწამების მსხვერპლი არ გამხდარა. ყველაფერი ეს უფრო მასშტაბური მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურმა ქსელებმა ჩვენშიც მძლავრად მოიკიდეს ფეხი.

 

ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით, ცოტა არ იყოს, კურიოზული განცხადება გავრცელდა, თან მეტი დამაჯერებლობისთვის, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამ ამბის შესახებ ამ ცნობილმა ადამიანმა თითქოს კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებას განუცხადა.

მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი და „გამიშვი-დამიჭი". საბოლოოდ, გაირკვა, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტული საინფორმაციო საშუალების „ფეიკი" ანუ ყალბი გვერდი იყო გაკეთებული და სწორედ ამ ყალბი გვერდის საშუალებით მოხდა იმის ტირაჟირება, რაც ცნობილ ადამიანს არ უთქვამს.

 

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა, სოციალურ ქსელში ცილისწამების გავრცელება 21-ე საუკუნის პოლიტიკური „ტრენდია".

 

შეიძლება, დაზარალებულმა სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართოს. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ „ფეიკის" ავტორიც დადგინდეს, მაგრამ მერე, რა? - „ფეიკისტი" იტყვის, რომ უბრალოდ, იხუმრა და ყველაფერი ამით დამთავრდება.

 

არადა, ცილისწამება რომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორია, ამას ყველაზე დაბალი დონის ფსიქოლოგიც აღიარებს.

 

შეიძლება, თვითონ ცილისწამების ობიექტი „ბრალდებას" სერიოზულად არ უდგება, მაგრამ მას ჰყავს შვილები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, მეზობლები და ვიღაც აუცილებლად დაიჯერებს იმას, რაც სინამდვილესთან ახლოსაც არაა.

 

ფსიქოლოგიური ტერორის კლასიკურ მაგალითად, ასევე შეიძლება, ჩაითვალოს ფარული ინტიმური კადრები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მართალია, ვიდეო ერთგვარი სამხილია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ვიდეოზე ადამიანების სახეების გარჩევა არ შეიძლება, სამაგიეროდ, შეიძლება, ვიდეოს „პერსონაჟი" იმას მიამსგავსო, ვისაც გინდა. ჰოდა, ესეც ცილისწამება, საბოლოო ჯამში კი, ფსიქოლოგიური ტერორია, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს", - წერს გაზეთი „ვერსია".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner