logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვებაზე: ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი
- +

17 მაისი. 2023. 14:17

 

 

„ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვება.

 

მდინარაძის თქმით, სხვა კოლეგებზე ზემოქმედების მოხდენა, მათთვის კენჭისყრაში მონაწილეობის დაშლა და დარბაზის დატოვების დაძალება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებლებია.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებით ნათელი გახდა, თუ ვინ არის ევროპული გზის წინააღმდეგი და ვინ უშლის ხელს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესრულებას.

 

„წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგე - ეს არის „ნაცური“ მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. თავის დროზე, ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. გთხოვთ, ახლა შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე მიღებულია, ევრორეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული დიდი ნაბიჯია. ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რა ხდება, ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ მიდის აშკარად, ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner