logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადაფარავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვა არის ის, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას
- +

17 მაისი. 2023. 14:36

 

 

„კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადაფარავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვა არის ის, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას, იმისათვის, რომ შემდეგ გამოიყენოთ ეს ყველაფერი, რისთვისაც გინდათ გამოიყენოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის მიერ გადადგმული კომპრომისული გადაწყვეტილებები შეახსენა, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

 

„კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ იმას, რასაც აკეთებდით ერთი წლის განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არაერთხელ მოგიწოდეთ, დაგესახელებინათ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, რასაც შეგნებულად არ აკეთებდით.

 

ასევე შეგახსენებთ, რა ხდებოდა სახალხო დამცველის არჩევის დროს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური კომპრომისი გამოვავლინეთ, ოპოზიციონერ პარლამენტის წევრს შევთავაზეთ ეს თანამდებობა, დავეთანხმეთ ამ ინიციატივას, ამის მიუხედავად, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ სახალხო დამცველს.

 

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, გულში რომ ჩაიხედოთ, ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებაში, მიუკერძოებლობაში არავის გეპარებოდათ ეჭვი.

 

ამის მიუხედავად, არა თუ მხარი არ დაუჭირეთ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, თავად ბატონმა ლევანმა აღნიშნა თავისი გამოსვლის დროს აქ, ამ კედლებში, რომ აბულინგებდით სამ ქალბატონ ოპოზიციონერ დეპუტატს იმის გამო, რომ ისინი გეგმავდნენ ლევან იოსელიანისთვის მხარის დაჭერას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციის პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, არის მათი თვითმიზანი არ შესრულდეს 12 პუნქტი და არ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

 

„ეს არის თქვენი მიდგომა, თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, არ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა,  რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც.

 

ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ სურს.

 

თქვენი პოზიცია  დააფიქსირეთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და ნუ გამოამჟღავნებთ იმას, რომ არ გსურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner