როგორ გავხდე ნოტარიუსი, სტაჟირება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი პროფესიის დასაუფლებლად, სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები - ამ და პროფესიის დასაკავებლად საჭირო სხვა ეტაპების შესახებ ნოტარიუსმა ეკატერინე ნანდოშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტ „პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ეკატერინე ნანდოშვილმა ნოტარიატის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზეც ისაუბრა, საჯარო ლექციის დასასრულს კი ნოტარიუსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მომავალ იურისტებს სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.