„თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა, მადლობა ამ მინიშნებისთვის,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ანსამბლ „მართვეს“ ბავშვებს შორის მისი შვილი.
მისი თქმით, ასეთი კითხვის დასმა სამარცხვინოა, რადგან ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი.
„რაც შეეხება „მართვეს“, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მე ინფორმაცია საიდან მქონდა, ეს მეორეხარისხოვანია, რატომ გაინტერესებთ, მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო, მაგრამ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? აბა რატომ კითხულობთ? თავიდან თქვით, რომ ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო, მერე გაასწორეთ. თუ ბევრი ასეთი შემთხვევაც არსებობს, მით უმეტეს, დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ამ კითხვას რომ სვამთ, ესეც სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი, რაც თქვენ გამოამჟღავნეთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.