logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ვალია დავაფასოთ მსხვერპლი, რომელიც თაობებმა გაიღეს, შევინარჩუნოთ თავისუფლება, რომლისკენაც ისწრაფოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები
- +

17 მაისი. 2023. 20:15

 

ჩვენი ვალია დავაფასოთ მსხვერპლი, რომელიც თაობებმა გაიღეს. დავაფასოთ იმით, რომ ის თავისუფლება, თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა, რომლისკენაც ისწრაფოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მათი ხსოვნის პატივსაცემად. ეს არის ის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ. ისინი ოცნებობდნენ ქვეყანაზე, რომელიც თავისუფალი იქნებოდა უცხო ქვეყნის დიქტატისგან, ქვეყანაზე რომელსაც არ ექნებოდა თავს მოხვეული მმართველობა, იქნებოდა თავისუფალი ქვეყანა ყველა თავისი სახელმწიფო ინსტიტუტით და აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველას ვალია ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, არ იყოს თავს მოხვეული მმართველობა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს გამართული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სამხედრო ცენტრის“ წევრების დახვრეტიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „სამხედრო ცენტრის“ წევრების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ აჩვენეს, რომ საქართველოს გასაბჭოება, ოკუპაცია 1921 წელს არ დასრულებულა და ამ პროცესს ყოველთვის ჰყავდა მოწინააღმდეგეები ქართველი ერის სახით. შალვა პაპუაშვილი „სამხედრო ცენტრის“ წევრების შთამომავლებს მიესალმა და მათ წინაპრების ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.

„ბევრმა სიცოცხლე შესწირა, ბევრმა საკუთარი სურვილები, ნატვრები დამოუკიდებელი ქვეყნისა შესწირა საკუთარი თავის თავისუფალ ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობას, შესწირა იმ პროცესს. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს იდეა მაინც ვერ ჩაახშეს. მე მინდა განსაკუთრებით მოგესალმოთ ჩვენი გმირი წინაპრების შთამომავლებს, მართლაც ერთი სიამაყეა, როდესაც ხარ ქართველი და გყავს საამაყო ქართველები წინაპრების სახით, მაგრამ ეს ალბათ ასმაგი სიხარულია, როდესაც ეს არის შენი უშუალო წინაპარი. მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მათ ხსოვნას ინარჩუნებთ და უნარჩუნებთ ერს ამ სიხარულს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბიბლიოთეკას ღონისძიების იდეისთვის და ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ ასეთ არქივს თავი მოუყარა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთი მხრივ გვქონდეს არა მხოლოდ ემოციური მეხსიერება ამა თუ იმ ადამიანთან დაკავშირებული, არამედ ეს იყოს ფაქტობრივი მეხსიერებაც. დიდი მადლობა მინდა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავუხადო, რომელიც როგორც ამ, ისე სხვა მსგავსი წამოწყებებით გამოირჩევა და ეს ძალიან სასიხარულო არის და ბიბლიოთეკა თავის განსაკუთრებულ როლს ეროვნული ბიბლიოთეკის სახით ასრულებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე გამოფენილი იყო „სამხედრო ცენტრის“ წევრების ფოტოები ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად, ასევე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო მოხსენება „სამხედრო ცენტრის“ წევრების მოღვაწეობისა და მათ დახვრეტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner