ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას", ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 16% ასახელებს.
მესამე ადგილს 4-4%-ით „თავისუფალი დემოკრატები" და ლეიბორისტული პარტია ინაწილებენ, მათ 3%-ით პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" მოსდევს. კვლევის თანახმად, 2-2% პატრიოტთა ალიანსს და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობას ერგო.
რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 34%-ია.
ამავე კვლევის თანახმად, არჩევნებზე მისვლას ამომრჩეველთა 58% აპირებს.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.