აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ „TV პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო.
„მინდა გამოვეხმაურო „TV პირველის“ ზღვარგადასულ, სამარცხვინო ცილისწამების და ტყუილების საბჭოური ტიპის პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც შეუწყვეტლად მიმდინარეობს ჩემი ღირსებისა და სახელის შელახვის მიზნით.
ბინძური ცილისწამების პროპაგანდისტული კამპანიით „TV პირველი“ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს საზოგადოება აცხოვროს ტყუილში და ტერორში. ტელეკომპანიამ არაერთხელ გამოიყენა ჩემი სახელი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით - სიუჟეტების სერიაში „TV პირველმა“ ბრალი დამდო ადამიანის მკვლელობაში, ასევე, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა გამომაცხადა გარდაცვლილად, რომელსაც უკანასკნელ წუთებში ემშვიდობებოდნენ და გამოასვენებდნენ მეგობრები.
ამავე სიუჟეტების სერიაში, როგორც ხელმძღვანელ პირს ბრალი დამდეს კორუფციულ გარიგებებში - თითქოს ჩემი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრობის დროს, 2019-2020 წლებში არამიზნობრივად გაიფლანგა ასი ათასობით ლარი. თუმცა, მითითებულ წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების განხორციელება ვერ იქნებოდა დაკავშირებული ჩემთან, რადგან აღნიშნულ წლებში საერთოდ არ მეკავა არანაირი თანამდებობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციები ხელმისაწვდომი გახდა განუსაზღვრელი რაოდენობის ტელემაყურებლისათვის, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მათი მიზანი ერთადერთია - ვიწრო სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, შელახონ ჩემი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.
იმისთვის, რომ საზოგადოება არ ყოფილიყო სიცრუეში, სცოდნოდა სიმართლე და სათანადოდ მომეხდინა რეაგირება „TV პირველის“ ზღვარგადასულ კამპანიასა და ე.წ. ჟურნალისტების ცილისწამებაზე გადავწყვიტე, კანონით დადგენილი წესით დამეცვა ჩემი უფლებები და სარჩელი შევიტანე სასამართლოში.
სასამართლომ მიიღო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც „TV პირველს“ დაევალა ჩემს მიმართ ცილისმწამებლური, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით.
ტელეკომპანია ბოდიშის მოხდის ნაცვლად აგრძელებს სიბინძურის შეთხზვას და ცილისწამებას. არაერთი მიმართვისა და მოწოდებისა მიუხედავად, არ შეუწყვეტიათ სხვადასხვა ცილისმწამებლური სიუჟეტების მომზადება და გავრცელება, ამიტომ კვლავ მომიწევს მივმართო სასამართლოს და კანონით დადგენილი წესით დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება", - დავით ფაცაცია.