logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც ვიღაცას სთავაზობ ფორმულას ოთხი/ერთზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა აირჩიო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები
- +

18 მაისი. 2023. 14:19

 

 

„როდესაც ვიღაცას სთავაზობ ფორმულას ოთხი/ერთზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა აირჩიო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მას კითხვით მიმართეს, იყო თუ არა საუბარი გარკვეულ ფორმულებზე და აწარმოებდნენ თუ არა ოპოზიციური ჯგუფები ამ მიზნით მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან.

 

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფებთან კონსულტაციები წარიმართებოდა და მათ შორის, პლენარულ დარბაზშიც.

 

„ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, სინამდვილეში გამოჩნდა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები. რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო და არავის სხვას არ უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ სახალხო დამცველად უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, ისინი მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დეპუტატს ჰქონდა გარკვეული შემოთავაზება.

 

„ასეთ ფორმულაზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, ოთხი/ერთზე, რაც უკვე აჩვენებს დამოკიდებულებას. როდესაც საქმე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ხუთივე უნდა იყოს არა მიკერძოებული, რომელიმე პოლიტიკური ან პარტიული ჯგუფის მიმართ, არამედ დამოუკიდებელი. როდესაც შენ ვიღაცას სთავაზობ ფორმულას ოთხი/ერთზე, ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა აირჩიო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები.

 

მინდა, ერთი რამ ვთქვა, როდესაც საუბარია სამ წევრზე, გუშინ აირჩა სამი წევრი, პირადად მე დღესაც არ მახსოვს მათი სახელები და გვარები და რატომ? გეტყვით. ძირითადად ეს პროცესი იურიდიულ კომიტეტში წარიმართა. ჩვენ არსებითად დავეყრდენით, რა თქმა უნდა, იურიდიული კომიტეტის დასკვნას: კვალიფიკაციიდან, გასაუბრებიდან გამომდინარე, რომელიც იურიდიულ კომიტეტში წარიმართა. იურიდიულმა კომიტეტმა ჩვენ წარმოგვიდგინა დასკვნები, პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების კუთხით და სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება - არა ოთხი/ერთის და ასე შემდეგ. ყველა უნდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიუკერძოებელი. ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილებისა და მიკერძოებულობის გარეშე. ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. მათ სურდათ პოლიტიკურად, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატების არჩევა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner