„ჭიათურამ 2014 წელს გამომიცხადა ნდობა და ამირჩიეს გამგებლის თანამდებობაზე და ამისთვის, როგორც ყოფილმა გამგებელმა მადლობა მინდა გადავუხადო მათ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის პროგრესი, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება და ყველა პრობლემა, რაც ჭიათურას აქვს, გადაიჭრება.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მოსახლეობის იმედები არ გამეცრუებინა. ამ პერიოდის განმავლობაში შევძელი ბევრი პროგრამისა და პროექტის განხორციელება, თუმცა, ბევრი რამ რჩება კიდევ გადასაჭრელი. მე ვიყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში პრობლემების ეპიცენტრში, მიწევდა ყოველდღიურად ადამიანებთან შეხვედრა. ვფიქრობ, ჩემი მოღვაწეობის ეს პერიოდი არც თუ ისე წარუმატებელი იყო. ათეულობით წლის განმავლობაში განადგურებული ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა უწყებების აღორძინება და ფეხზე დაყენება დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ ეს პროგრესი, რომელიც ჩვენს ქალაქში დაიწყო, აუციელებლად უნდა გაგრძელდეს და მე ვიქნები ჩემი ჭიათურლების ინტერესების დამცველი. მაქვს ამის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ჩემს ქალაქს გვერდში დავუდგე და დავეხმარო. პრობლემები, რომლებიც ძალიან კარგად ვიცი, აუცილებლად გადაიჭრება", - განაცხადა სულხან მახათაძემ.