ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში "მაკდონალდსის" გამოკრულ ბანერებს ეხმიანება, რომელზე დატანილია, რომ საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამებაა, რომელზეც „მაკდონალდსმა“ პასუხი უნდა აგოს.
„საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობსო, ცრემლიანი თვალებით გვაუწყებს „მაკდონალდსის“ ქსელი. ჯერ ერთი ეს ინფორმაცია საშინელი ტყუილი და ცილისწამებაა, რაზეც გამავრცელებელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. მეორეც - როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს“ ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს. და მესამეც - ის ოჯახები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ იმ მგლური ბიზნეს-პოლიტიკის მსხვერპლნი ხომ არ არიან, რითაც ჭყონია და მისი მსგავსი „ბიზნესმენები“ 90-იანებში ატარებდნენ?“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.