საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
დოკუმენტით შემოთავაზებული მთავარი სიახლე არის სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა. ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას. მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).