ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრას აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიორგი მიქაია და საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურორებმა აშშ-ის ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის განვითარების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
კელი დეგნანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.