ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში „მაკდონალდსის“ გამოკრულ ბანერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბილბორდზე დატანილი ინფორმაცია არის მარტივი ტყუილი, რადგან ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, ეყრდნობა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის დროს გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშს.
მისი თქმით, თემურ ჭყონია არის ქართული ოპოზიციის, მათი ტელევიზიების, მათი „სირცხვილების“ და მსგავსი რადიკალების ერთ-ერთი დამფინანსებელი.
გვიდიანის განმარტებით, შესაბამისად, ჭყონია არა ბავშვების სიდუხჭირის, არამედ რადიკალი ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და NGO-ების უსახსრობის აღმოფხვრაზე მუშაობს.
„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს მაკდონალდსის ბილბორდია. ალბათ ისიც გაგიკვირდებათ, თუ რა შუაშია მაკდონალდსი ამ შინაარსის ბილბორდთან, თუმცა მაინც გადაწყვიტეს ასეთი რეკლამის გავრცელება. კარგი - ახლა მივყვეთ ამ ამბავს.
იმით დავიწყოთ, რომ ამ ბილბორდზე დატანილი ინფორმაცია არის მარტივი ტყუილი. იმით გავაგრძელოთ, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის დროს გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშს. გასაოცარი ის არის, თუ რატომ აირჩია თემურ ჭყონიამ ნიჰილისტური კამპანიისთვის "სანდო წყაროდ" ნინო ლომჯარიას ანგარიში და არა საკითხზე უშუალო პასუხისმგებელი ინსტიტუტი - მაგალითად, საქსტატი?! ასევე, გავაგრძელოთ იმით, რომ მაკდონალდსი ამ კამპანიით პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, რასაც ვფიქრობ სათავო ოფისიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბავშვების სიდუხჭირით შეძრწუნებულმა ჭყონიამ, 2021 წელს „მაკდონალდსის” შემოსავალი 44%-ით, 136.5 მილიონ ლარამდე გაზარდა. საიდანაც 17.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. გარდა მაკდონალდსისა, ჭყონიამ 2021 კოკა-კოლას მთლიანი მოგება 25%-ით 50.7 მილიონიდან 68 მილიონამდე გაზარდა. მისი კომპანიების მოგებიანობაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ თემურ ჭყონიას ქველმოქმედების სახით ერთი კანფეტი არასდროს უჩუქებია ბავშვებისთვის და ახლა გაახსენდა თურმე გაჭირვებული ოჯახების და ბავშვების არსებობა. ისიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თემურ ჭყონიას კოკა-კოლა საქართველოდან რუსეთში გაზიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, რითაც, სხვათა შორის არღვევს საერთაშორისო სანქციებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. თემურ ჭყონია არის ქართული ოპოზიციის, მათი ტელევიზიების, მათი „სირცხვილების“ და მსგავსი რადიკალების ერთ-ერთი დამფინანსებელი. შესაბამისად, ჭყონია არა ბავშვების სიდუხჭირის, არამედ რადიკალი ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და NGO-ების უსახსრობის აღმოფხვრაზე მუშაობს. P.S. - ზევით ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე თემურ ჭყონია სტანდარტული ფარისეველი მანიპულატორია და არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვებზე ზრუნვასთან,“ - წერს გვიდიანი ფეისბუკზე.