საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 150 მეწარმე კოოპერატივ „დარჩელში" შეიკრიბა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე მოდელს წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების შექმნა არის მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ქვეყნის განვითარებისთვის და მადლობა გადაუხადა მეწარმეებს, რომელთა ბიზნესინიციატივის გარეშე, მთავრობის ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანდა.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის ხელისუფლების თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს, შემუშავდეს საინტერესო ინსტრუმენტები რათა, მათ მუშაობა და პროდუქციის რეალიზაცია გაუმარტივდეთ, მიიღონ მეტი შემოსავალი, განახორციელონ ექსპორტი და აითვისონ ახალი ბაზრები.
„აქ წარმოდგენილი არიან დიდი და შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოების შემთხვევაში გვქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე. მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი წახალისდნენ. დღეს, საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება, არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს დასაქმების სათხოვნელად მთავრობას, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაშია მოსახდენი და ეს არის ყველაზე სასიხარულო.
მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია; დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და იმისთვის, რომ დარგი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, აწარმოოს იმ სტანდარტების, იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საჭიროა გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიები.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვანია გადაიარაღება, რომლის ორი აპრობირებული გზა არსებობს - მსხვილი ინვესტორების შემოყვანა, ამ გზით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაერთიანება და მასშტაბური, ეფექტიანი საწარმოს შექმნა, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხოლო, მეორეა - კოოპერაცია.
როგორც პრემიერ-მინსიტრმა აღნიშნა, კოოპერაცია, „დარჩელის" შემთხვევაში, ნიშნავს 600 მცირე მეწარმის და მფლობელის გაერთიანებას ერთიან საწარმოში ისე, რომ კოოპერატივის არც ერთი მონაწილე არ კარგავს საკუთრებას მიწასა და ქონებაზე, მაგრამ კოოპერაციისა და სპეციალური სახელმწიფო დახმარების მეშვეობით ისინი ახდენენ ისეთ გადაიარაღებას, რომლის მეშვეობით აღწევენ საერთაშორისო სტანდარტს და ხდებიან კონკურენტუნარიანი.
„საგარეო ბაზარი გვჭირდება იმიტომ, რომ 3,7-მილიონიანი მოსახლეობის ბაზარზე გათვლილი წარმოება, ძალიან რთულია, იყოს კონკურენტუნარიანი იმ წარმოებებთან მიმართებაში, რომლებიც გათვლილია 50 ან 100-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, გათვლილი იყოს ექსპორტზე, რათა უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს.
ანუ, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ისინი აღწევენ მასშტაბის ეკონომიას. რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობაში გაცილებით უფრო მომგებიანად მიგვაჩნია კოოპერაციის გზით გამსხვილება, ანუ ისე, რომ წვრილი მეწარმე, გლეხი არ კარგავს საკუთრებას საკუთარ მიწაზე, არ ხდება დაქირავებული მსხვილ საწარმოში, ანუ ერთი ინვესტორის ქვეშ, არამედ ინარჩუნებს საკუთარ მიწას, საკუთარ ნაკვეთს თუ ქონებას, მაგრამ კოოპერაციის მეშვეობით ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იყენებს სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ მექანიზმებს და სწორედ ამ გზით იქმნება მაშსტაბური საწარმო, რომელიც კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც. სწორედ ამის მაგალითია დარჩელის კოოპერატივი და გვიხარია, რომ უკვე 1638 კოოპერატივია დარეგისტრირებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ დანელიას, მისი გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.
მთავრობის მეთაურმა შვეიცარიელი ინვესტორის დახმარებით შექმნილი "ბლაუენშტაინ საქართველოს", წარმატებულ მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრემიერი მიიჩნევს, რომ კოოპერაცია არის ყველაზე სწორი მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ესადაგება.
„ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ვხედავთ ამდენ ადამიანს, რომელიც ახალი საწარმოს მფლობელია და ამ მფლობელობას არაფერი ემუქრება. ისინი გაცილებით ეფექტურ წარმოებაში არიან ჩართულნი, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ვნახეთ პროდუქცია, რომელიც უმაღლესი გემოვნური თვისებებისაა, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ყველანაირ ბაზარზე. რაც შეეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას, ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ისე, რომ არც ერთი ადგილობრივი ფერმერის ინტერესი არ დავაზიანოთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ამ გადასვლის თანდათანობითი ხასიათი და დაგეხმაროთ ყველა თქვენგანს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. 150 ახალი საწარმოს გარდა, სახელმწიფოს დახმარებით, 700-ზე მეტი საწარმო გაფართოვდა, განავითარა წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების პროცესი და ეს მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალდატანებითი გამსხვილება, გვაქვს წახალისების მექანიზმებით, ნებაყოფლობითი კოოპერაცია, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.