ეკოსაწარმო ,,პოლივიმში“, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და საწარმოო ციკლის გაფართოების მიზნით, ახალი ხაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, შპს ,,პოლივიმში“ მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. საწარმოში დღეისათვის ახალი ხაზის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც წარმოების მოცულობას გაზრდის და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
„რუსთავში საწარმოების ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით ,,პოლივიმში“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნარჩენს გადაამუშავებს. აქ დასაქმებულები არიან რუსთაველები, ,,პოლივიმი“ ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაც პირდაპირ კავშირშია ამ ეკოსაწარმოსთან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,პოლივიმი“ პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი ქარხანაა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია.
,,საწარმოს ოპერირება სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება, დანერგილია შრომის უსაფრთხოების უახლესი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ზემოქმედების თვალსაზრისითაც ,,პოლივიმი" ერთ-ერთი მოწინავეა, ვინაიდან მას, გარემოს არცერთ კომპონენტზე ზემოქმედება არ გააჩნია. საწარმო ფართოვდება, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
შპს ,,პოლივიმი“, მეორადი პლასტმასის გადამუშავების შედეგად, საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს. სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და წარმოადგენს ნედლეულს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის.
„ჩვენ, აქამდე ვამუშავებდით მხოლოდ ე.წ. პლასტმასის ნარჩენ ბოთლებს, ახალი ხაზი, რომელსაც დღეისათვის ვამონტაჟებთ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ და გადავამუშაოთ ყველა დანარჩენი პოლიმერული ნარჩენი, რაც კი ქვეყნის მასშტაბით წარმოიშობა. დღემდე ქვეყნის მასშტაბით არსებული პოლიმერული ნარჩენი პრობლემა იყო, როგორც გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე მუნიციპალური ხარჯების კუთხით, ვინაიდან ამას სჭირდება მოვლა, გატანა, დასაწყობება ნაგავსაყრელზე, ეს ყველაფერი უკვე თავს მოიყრის ჩვენს საწარმოში და შესაბამისი გადამუშავების შემდგომ მივიღებთ ღირებულ პროდუქციას, რომელიც გაიყიდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე“, - განაცხადა ,,პოლივიმის“ კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფონჯავიძემ.
შპს „პოლივიმი“ მთლიანად უცხოური ინვესტიციით აშენდა, განხორციელებული ინვესტიციის საერთო რაოდენობა 11 მილიონი ლარია. საწარმოში ამ ეტაპზე 55 რუსთაველია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში ხდება.