რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა.
დღეს, 08:00 საათზე, მოსკოვის მიმართულებით ფრენა „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.
„კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. „ჯორჯიან ეარვეის“ გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას კვირაში შვიდი სიხშირით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.