„საქართველოში ფრენების ნებართვა მიეცემა მხოლოდ არასანქცირებულ საჰაერო ხომალდებსა და ავიაკომპანებს, რომელსაც ჩვენ, როგორც აეროპორტების ოპერატორი და მფლობელი კომპანია მივყვებით“, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც სელექციურად არჩევს რომელი ავიაკომპანიას მოვემსახუროთ ან არ მოვემსახუროთ. ნებართვას გასცემს საქართველოში ავიაციის სააგენტო, რომლის მიერ გაცემული ნებართვა ჩვენთვის არის აუცილებლად აღსასრულებელი და შესაბამისად მოვემსახურებით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა საავიაციო ხელისუფლებამ და ზოგადადა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, რომელიც არსებობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული პირდაპირი ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი სანქცირებული საჰაერო ხომალდი და არცერთი ავიაკომპანია ბაზარზე დაშვებული არ იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ყველანაირი შეზღუდვის გარეშე რუსულ საჰაერო ხომალდებს, მათ შორის სანქცირებულებსაც ემსახურებიან“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.