საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება. ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა „Junkers F13“-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.
ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში ქართველ ვეტერან ავიატორებთან და ბესარიონ ქებურიას შთამომავალთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ დაათვალიერა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დედა ენის პარკში ვმასპინძლობთ 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილისადმი. რაც ნიშნავს, რომ ერთი საუკუნე უკვე ამ ინდუსტრიამ საქართველოში შეასრულა. ძალიან დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ეს წლები სავსე იყო ბევრი გამოწვევით, ბევრი გამარჯვებითა და მიღწევით. ქართველმა მფრინავებმა არამხოლოდ ქართული ავიაციის, არამედ მსოფლიო ავიაციის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ამის გაზიარებას ვცდილობთ დღეს ჩვენ ახალი და მომავალი თაობისათვის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც გამოჩენილი მფრინავია, ავიატორია, ფუძემდებელია მსოფლიო ავიაციის. მათ შორის, ალექსანდრე ქართველი, ბესარიონ ქებურია, რომლებსაც რეგიონში და მსოფლიოში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ავიაციის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია საინფორმაციო სტენდი ქართული ავიაციის მთავარი პერსონებით, ფოტო-სტენდი, სადაც გაცოცხლებულია ქართველი და იტალიელი მფრინავები „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, წარმოდგენილია პეტრე ოცხელის „მფრინავი მღებავის“ კონსტრუქცია და მისი სხვა ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები თავად ამზადებენ თვითმფრინავებს. ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედა ენის პარკში დღეს, 18:00-ის შემდეგ დასრულდება. დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, საჩუქრები ელოდება.