logo_geo
eng_logo
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
- +

3 სექტემბერი. 2016. 11:37


 

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სახლები.  „რეპორტიორი"  ესაუბრა ქ. ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს და მერის წარმომადგენელს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში თემურ ქიძინიძეს. მათი თქმით, სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამომავლოდ მოსალოდნელი სტიქიისგან თავდასაცავად.


„არის გარკვეული ადგილები, მთიანი ტერიტორიები, რომლებიც ბათუმს შემოუერთდა. მაგალითად,  ხელვაჩაურის რაიონის ყოფილი ტერიტორიები, ურეხის ტერიტორია... ჩვენ სისტემატურად ვატარებთ სამუშაოებს აღნიშნულ ტერიტორიაზე.  ჭაობის -გიორგი ბრწყინვალის,  ბაგრატიონის,  ყოფილი შაუმიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე  სარებილიტაციო სამუშაოებს  გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად ვაწარმოებთ.  უკანასკნელი მოვლენების დროს  მდინარეები ბარცხანა და მეჯინისწყალი ადიდდნენ.  ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აღნიშული ტერიტორიების რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას გულისხმობს.  ნალექის მინიმალური რაოდენობა  33 ერთეულია და როცა ნალექი 155 ერთეულით მოდის, ეს ანომალური მოვლენაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს",- აცხადებს ბათუმის მერი გიორგი  ერმაკოვი.

 

„მძლავრი სტიქია იყო. მოულოდნელად დროის მცირე მონაკვეთში უზარმაზარი რაოდენობის ნალექი მოვიდა. ყველა არხი, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო, არ აღმოჩნდა საკმარისი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ლოკალიზაცია ამ ტერიტორიების. რთული სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება სრულად სიტუაციის განეიტრალებას.  დაზარალდა ზღვასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა",- აცხადებს თემურ ქიძინიძე, მერიის წარმომადგენელი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში.


უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

 

დატბორილი იყო ქალაქის რამდენიმე ქუჩა. ძირითადად, ლერმონტოვის, ორბელიანის, ჭავჭავაძის ქუჩები, ჭაობის მიმდებარე ტერიტორია. ზოგ ადგილზე წყლის სიმაღლე 40 სმ-ს აღწევდა. დაზარალდა მოსახლეობაც. წყალმა სახლების პირველი სართულები დატბორა და აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობაც თითქმის არ შეინიშნებოდა", - აცხადებს ბათუმელი ზაზა ტაკიძე.

 

„პირველი სართული მთლიანად დაიტბორა. ავეჯი დასველდა.  ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ იტბორება ეზო და პირველი სართული. გამგეობიდან ზარალის ანაზღაურებას დაგვპირდნენ‘‘, - აღნიშნავს კურორტ გონიოს მკვიდრი ნათელა თანალიში.


მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში უხვი ნალექის რაოდენობა აღინიშნებოდა, სერიოზულად არავინ დაშავებულა. როგორც უკვე აღინიშნა, მოსახლეობას მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner