„გეოპოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ნაც-ლიბერალების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან. მათ ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი უზრუნველყოფს ამას თუ ამერიკა და რა ფასად! მათთვის სულერთია, ამერიკელების გეგმით და რუსეთის რატიფიცირებით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა თუ ამერიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც ეს 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით მოხდა“, - ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილის თქმით, ნაც-ლიბერალები კი გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ინტერესებით, თუნდაც ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის განადგურებას იწვევდეს!
„მას შემდეგ, რაც უკანასკნელი დღეების ნაც-ლიბერალურ ისტერიაში ჩართულ ადამიანებს, კიდევ ერთხელ შეახსენეს წარსულში მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, გამოხატული პოზიციები და მიღებული გადაწყვეტილებები, შემოგვთავაზეს ასეთი არგუმენტი, რომ მაშინ(ეს მაშინ არის, როცა თავად მართავდნენ ქვეყანას) განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო, ასე უნდოდა ამერიკას და ჩვენც ამიტომ ვჭიკჭიკებდით სხვანაირადო. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სამშობლოს არანაირი განცდა არ აქვთ! რომ ვერ გამოდიან მონური და კოლონიალისტური ცნობიერებიდან! რომ ყოველთვის ისე იფიქრებენ, ისე იტყვიან, ისე მოიქცევიან, როგორც პატრონი, როგორც „დიდი ძმა“ ჩასძახებთ, თუნდაც ეს წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს ინტერესებთან! კი ბატონო, გეოპოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ნაც-ლიბერალების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან.
მათ ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი უზრუნველყოფს ამას თუ ამერიკა და რა ფასად! მათთვის სულერთია, ამერიკელების გეგმით და რუსეთის რატიფიცირებით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა თუ ამერიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც ეს 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით მოხდა. ობამა ან რომელიმე სხვა პრეზიდენტი თუ იტყვის, რომ ამერიკა გადატვირთვის პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, ამიტომ საქართველოც ვალდებულია დაივიწყოს ჯერ კიდევ სისხლიანი ჭრილობები, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი ომი და ხმა უნდა მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თურმე ეს გამართლებული ყოფილა!
ალბათ, „გადატვირთვის პოლიტიკის“ და „განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტის“ გამო გაყიდეს სტრატეგიული ობიექტებიც და ამიტომ გადაუფორმეს ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილი რუსებს! აბა იმასაც თუ იტყვიან 2008 წლის ომი სხვისი ინტერესი იყო და ამიტომ ჩავრთეთ ქვეყანა ამ ავანტიურაშიო… საინტერესოა, თუ თავიდან ბოლომდე, ამერიკის ინტერესებზე უნდა ავეწყოთ და მხოლოდ ისე მოვიქცეთ როგორც ამას მათ მიერ კონსტრუირებული კონტექსტი გვიკარნახებს, მაშინ რად გვინდა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინსტიტუტები…?! მივყვეთ აშშ-ის ადმინისტრაციების განწყობების ცვალებადობას, დაველოდოთ რას გვეტყვიან - გვახსოვდეს თუ დავივიწყოთ სოხუმი და ცხინვალი…
ხშირად ისე ხდება, ამერიკის ფედერალური მთავრობის ინტერესები ვერ ემთხვევა ცალკეული შტატების ინტერესებს და აღნიშნული შტატები არ ერთვებიან ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკების განხორციელებაში. (ამის უამრავი მაგალითია ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური თუ სხვა მიმართულებებით) ნაც-ლიბერალები კი გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ინტერესებით, თუნდაც ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის განადგურებას იწვევდეს! თავად გვასწავლიან, რომ თურმე გეოპოლიტიკური კონტექსტი ცვალებადია, რაც ერთ რიტორიკულ კითხვას ბადებს - როგორ მოიქცევიან თუ გეოპოლიტიკური კონტექსტი კვლავ შეიცვლება და ამერიკა(ისევე როგორც სხვა დროს არა ერთხელ) დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობების დასტაბილურებას, მერე ისევ მისაღები გახდება რუსული ქორწილები და ფრენები? მერე ისევ დაკარგავს სუნს რუსული ფული? მერე პუტინი აღარ იქნება აგრესორი? მერე ბუჩა და ირპენი..? (სოხუმი და ცხინვალი ისედაც არ სტკივათ და…) მერე როგორ იქნება, მერე?! ამაზე იქნებ გვიპასუხონ!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.