logo_geo
eng_logo
მერაბ ჭიქაშვილი: ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია!
- +

22 მაისი. 2023. 14:58

 

 

- ბატონო მერაბ, თქვენ ახლა იმყოფებით რუსეთის დედაქალაქში და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავთ შეხვედრებს. რომ ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რას ემსახურება თქვენი ვიზიტი და რა შედეგით სრულდება ის?

 

- ეს ვიზიტი რაიმეს დასასრული კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისია! ჩვენი ამჟამინდელი ვიზიტი 2022 წლის 7 დეკემბრის ეკონომიკური ფორუმის გაგრძელება იყო, რომლის მთავარი ორგანიზატორებიც ვიყავით ჩვენ, ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ და რუსეთის დუმის დეპუტაცია, კერძოდ დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ბატონები ლეონიდ კალაშნიკოვი და კაზბეგ ტაისაევი. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სატრანსპორტო სამინისტროს წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციაში კი შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იღვწიან ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზციისთვის, კერძოდ ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თემურ მაისურაძე, თემურ ფიფია, მიხეილ ჟღენტი და სხვები. მაშინ ჩვენ დღის წესრიგში დავაყენეთ ორად ორი საკითხი - სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა და მივიღეთ რეზოლუცია, რომლის ტექსტიც ხელმოსაწერად შევიდა რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტში. ჩვენი მასპინძლები მაშინ დაგვპირდნენ, რომ დასახელებული საკითხები დადებითად გადაწყდებოდა და აი, რამდენიმე დღის წინ, 10 მაისს, ის დადებითად გადაწყდა კიდეც! ფორუმის მეორე ნაწილი გაიმართა 2023 წლის 22 მარტს და აქ უკვე ეკონიმიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. მარტის ფორუმს დაესწრნენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები, სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ქართველი სტუდენტები... მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია და ეს სწორედ რუსული ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანასთან რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, საქართველოს ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორი ხდება. რაც შეეხება ჩვენს ამჟამინდელ ვიზიტს, გვქონდა შემაჯამებელი სხდომა და რუს ხალხსა და პირადად ვლადიმერ პუტინს, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადეთ. როგორც იცით, 19 მაისს საზეიმოდ შესრულდება პირველი პირდაპირი ავიარეისი.

 

- როდისთვის იგეგმება მომდევნო შეხვედრები და მომავალში რა საკითხების განხილვა მოხდება?

 

- ივნისიდან ძალიან ბევრი საქმიანი ფორუმი იგეგმება. როგორც ამბობენ, „Мы разбудили дьявола“, ანუ, ჩვენ ეშმაკი გავაღვიძეთ და იცით, ეშმაკში ვისაც ვგულისხმობ - ე.წ. ლიბერალებს, ლიბერალურ შპანას! როცა ჩვენ პირველი ფორუმის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში, „მეხუთე კოლონამ“ დაიწყო ქირქილი, რომ „გადაგვაგდებდა“ რუსეთი, მოგვატყუებდა და ხახამშრალს დაგვტოვებდა. ათ მაისამდე იძახეს ეს აბსურდი. ახლა მე ვეკითხები მათ, ჰა, „გადაგვაგდო“ პუტინმა, თქვე საცოდავებო?! აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, რომ არ უნდა დაეშვათ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა. წარმოუდგენელი თავხედობაა! ეს ლიბერალი ფაშისტები ცოტაც და ტერორისტებად იქცევიან. ვალერი კვარაცხელიას აქვს მასალა, სადაც ამ ფრთის წარმომადგენლები პირდაპირ გამოხატავენ სურვილს, ჩამოვარდეს მოსკოვი-თბილისის რეისის თვითმფრინავი, აფეთქდეს... ეს ადამიანები ამ ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მტრები არიან! ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ჩვენთან გაერთიანებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობებმა შევძელით ის, რაც ბევრმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები წინ წავა და ამ პროცესს ვეღარავინ შეაჩერებს. აღდგება ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობებიც, ამუშავდება საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, ჯანდაცვის პროგრამები, დაიწყება სტუდენტთა გაცვლითი პროექტები და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი რუსეთში მიიღებს უმაღლეს განათლებას. ქართველი ახალგაზრდისთვის ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი. ელენე ხოშტარია რომ ამბობს, ეს კატეგორიულად მიუღებელიაო, მინდა ვკითხო მას, ქალბატონო ელენე, თქვენ რომ მიიღეთ განათლება МГИМО-ში, ეს დასაშვები იყო და სხვა ქართველმა სტუდენტებმაც რომ მიიღონ განათლება რუსეთში, ეს დაუშვებელია? რა ლოგიკაა?! ეს რა ორმაგი სტანდარტია?! ვფიქრობ, დროა, ქართულ-რუსული ურთიერთობები შემოიფარგლოს არა მხოლოდ სახალხო დიპლომატიით, არამედ ორ ქვეყანას  შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხიც დადგეს.... 800 000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და მათ უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლობა და მათი ინტერესების დამცველნი...

 

- ლიბერალები რიცხვებით მანიპულირებენ და ამბობენ, რომ თქვენს მიერ დასახელებული რიცხვი გაბუქებულია და რეალურად, ბევრად ნაკლები ქართველი ცხოვრობს რუსეთში...

 

- ათი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, იმ ათ ადამიანს არ სჭირდება საკუთარი ქვეყნის პატრონობა?! ისე კი, როგორც ყოველთვის, ახლაც ტყუიან, რადგან სწორედ ის რიცხვია რეალური, რაც მე დაგისახელეთ. ამოიღეთ ბანკებიდან ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გზავნის თანხას რუსეთიდან და ნახავთ, რომ ისინი ტირაჟირებენ სიცრუეს. რუსული დენი უნდათ, რუსული ხორბალი და პური უნდათ, მაგრამ თან უნდათ, რომ რუსეთს დედა აგინონ... წავიდეს აბა ახლაც „გირჩი“, ჩაიხადოს ისევ შარვალი და ერთი ადგილი აჩვენოს საზღვარზე გადმოსულ ქართველს. ეს მართლაც ბნელეთის მოციქულები!

 

- დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი ახსენეთ, ეს თემაც ხომ არ დამდგარა მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგში?

 

- არ დაგიმალავთ და ამაზე საუბარი იყო. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და ხელისუფლებას არ წარმოვადგენთ, მაგრამ თუ ჩვენ რაიმე კუთხით მაინც შევძლებთ, ხელი შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობისთვისაც მზად ვართ. როგორც პირად საუბრებში რუსული მხარის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მათგანაც სრული მზადყოფნაა, ამ საკითხზეც დაიწყოს მუშაობა. ცივი გონებით და ცხელი გულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება!

 

- მალე ბრუნდებით საქართველოში, რა ინფორმაცია გაქვთ, რაიმე პროვოკაცია ხომ არ იგეგმება თქვენი საქართველოში დაბრუნების დროს?

 

- ყურებზე ხახვი არავის დააჭრან! ვერაფერსაც ვერ იზამენ და მათი არავის ეშინია!

 

- და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებასთან თქვენს კავშირზე მინდა გკითხოთ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მოსკოვში ვიზიტად მყოფი ადამიანები ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებთ და რომ რუსეთში პირადად ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მიგავლინათ... რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და გვითხარით, რა კავშირი გაქვთ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან?

 

- არავითარი! ჩვენ არავის დავალებას არ ვასრულებთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ის პოზიცია, რა პოზიციაც უჭირავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, არის პატრიოტული და საქართველოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია! ჩვენ მისი ბუნებრივი მოკავშირეები ვართ, რადგან მსოფლიოსთვის თავსმოხვეული სიბინძურის ეპოქაში, ის დგას აბსულუტურად სწორ მხარეს, თუმცა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით, მასთან და არც რომელიმე სხვასთან, რაიმე სახის კონტაქტი და კომუნიკაცია არ გვქონია!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner