logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი პრეზიდენტს: უმადურობა უდიდესი ცოდვაა!
- +

22 მაისი. 2023. 18:08

 

 

- ბატონო თამაზ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაგვიუქმა სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზეც მოგვიხსნა შეზღუდვა, „ჯორჯიან ეარვეისი“ და პირადად თქვენ გარკვეული ძალების მხრიდან ფორსირებული შეტევის ადრესატები ხართ. მრავალი ბრალდება გაჟღერდა თქვენი და თქვენი ავიაკომპანიის მისამართით... მოდით, ქრონოლოგიურად მოვყვეთ მოვლენებს და გვითხარით, როდის გაიგეთ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ და რაიმე სახით იღებდით თუ არა მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში?

 

- ეს ამბავი მეც, ისე როგორც თქვენ და სრულიად საქართველომ, შევიტყვე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის სახელით კრემლის საიტზე გამოქვეყნდა განცხადება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ. არანაირი მონაწილეობა მე ამ პროცესში არ მიმიღია და არც შეიძლებოდა მიმეღო. „ჯორჯიან ეარვეისი“ კერძო ავიაკომპანიაა, ავიაკომპანიები კი ვერ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ მსგავსი ბერკეტი უბრალოდ არ გაგვაჩნია. მე როგორ მივიღებდი ამ პროცესში მონაწილეობას, სატელეფონო კავშირი ხომ არ მაქვს ვლადიმირ პუტინთან?! ეს ხომ აბსურდია!

 

- როგორ ფიქრობთ, პირდაპირი ფრენების აღდგენით ასე რატომ შეშფოთდა საზოგადოების ეს მცირე ნაწილი და რატომ სურთ მათ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას გაწვალდნენ და არა პირდაპირ, არამედ სხვა ქვეყნების გავლით დაბრუნდნენ საქართველოში?.. რაიმე ლოგიკას ხედავთ მათ განცხადებებსა და ქმედებებში?

 

- იმ ლოგიკას ვხედავ, რომ ამ უსამშობლოთა დაჯგუფებას საკუთარ სამშობლოდ სულაც არ მიაჩნია საქართველო! მათ არ სტკივათ ქართველის სატკივარი და არ ადარდებთ ჩვენი მოქალაქეების წვალება. ამ რამდენიმე ასეულ ადამიანს ქვეყნის გარედან აქვს მიღებული დავალება, რომ ავნონ საქართველოს და ისინიც, საკუთარი გასამრჯელოს სანაცვლოდ ძირს უთხრიან ჩვენს ქვეყანას. ფრენების აღდგენამ ისინი სრულ აგონიაში ჩააგდო, რადგან დაინახეს, რომ მათმა იდეოლოგიამ საბოლოოდ განიცადა კრახი! მინდა მივმართო ამ ავაზაკებს და ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და მას ვერ მოატყუებთ! მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ სისულეებს ბოდავთ და რომ ამ ქვეყნის მტრები ხართ! მიუხედავად იმისა, რომ ამ მოღალატეებს არ სურთ „ჯორჯიან ეარვეისმა“ იფრინოს რუსეთის მიმართულებით, ჩვენ ამ რეისებს მაინც განვახორციელებთ და ისე, როგორც ყოველთვის, ვიდგებით ქართველი ხალხის სამსახურში... ამ ვიგინდარებმა აღარ იციან რა სიცრუე შეთხზან ჩემზე და რით ავნონ ჩემს ავიაკომპანიას! ხან რა დამაბრალეს და ხან რა... გაიძახიან, რომ თითქოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიის წევრი ვიყავი, რაც მტკნარი სიცრუეა, არასოდეს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ! თუმცა მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვარ ამომრჩეველი და მაქვს უფლება მქონდეს ჩემი პოლიტიკური სიმპატიები და ჩემს სიმპატიას ის პარტია იმსახურებს, რომელიც საქართველოს გადასარჩენად მუხლჩაუხრელად, დაუღლელად და უშიშრად იღწვის და, რომელიც ცდილობს, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს. ასეთი პარტია “ქართული ოცნებაა”, ასეთი ლიდერი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

 

- თქვენ რომ გარედან მართულ ძალად მოიხსენიებთ, ის ძალა ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთსა და დასავლეთს შორის საბოლოო არჩევანი სწორედ ახლა კეთდება და ამით ხსნიან საკუთარ აღშფოთებას...  

 

- არჩევანის თავისუფლება ხომ დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, რა აბრაზებთ ვერ ვიგებ?! იცით რომელ ადამიანებზე ვსაუბრობ ახლა? მათმა პოროპაგანისტმა ფადი ასლიმ ქართველ ხალხს რომ ჰკითხა, ევროკავშირში შესვლა არ გირჩვენიათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებასო?! აი, ამ ჭკუიდან შეცდენილ, ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებზე ვსაუბრობ, საქართველოს გამთლიანებას რომელიღაც კავშირში გაწევრიანებას რომ ამჯობინებენ! რად გვინდა ჩვენ რომელიღაც კავშირის წევრობა ამის სანაცვლოდ, ჩვენი სხეულის ნაწილი, ჩვენი სული და გული, ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი სამაჩაბლო თუ უნდა დავთმოთ?! ოცდაათი წელიწადი გვატყუა დასავლეთმა, რომ დაგვეხმარებოდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და, დაგვეხმარნენ? ახლა კი, ნახეთ, ფადი ასლის პირით რა  არჩევანის წინაშე დაგვაყენეს...

 

- საქართველოს პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეთ და ამიერიდან ის თქვენს ბორტზე აღარ დაიშვება. როგორ მივიდა საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული ავიაკომპანიის ურთიერთობა ისეთ დაძაბულ წერტილამდე, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოიკოტი გამოგიცხადათ, თქვენ კი საერთოდ უარი თქვით მის მომსახურებაზე?

 

- სალომე ზურაბიშვილი ერთი უმადური და მატყუარა ქალბატონია. ჯერ მოგიყვებით რატომაა მატყუარა, შემდეგ კი აგიხსნით, რატომაა უმადური... ჩვენს პილოტებს პრეზიდენტთან ერთად ფრენა დიდი ხანია ისედაც აღარ სურდათ, ყველაფერი კი გასულ წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტმა ისინი უბრალოდ მოატყუა და „გადააგდო“. საქმე იმაშია, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა მაშინ მფრინავებს შეატყო, რომ არ იყვნენ მის მიმართ კეთილგანწყობილნი, ამიტომ სცადა მათი გულის მოგება და შემოუთვალა, წლის ბოლოს სახელმწიფო ჯილდოებს გადმოგცემთო, მაგრამ არანაირი ჯილდო მათთვის არ გადაუცია. ჩვენმა ბიჭებმა მაშინვე მთხოვეს, ნუ გვაძალებ ამ მატყუარა ქალბატონთან ერთად ფრენასო. ჩვენი ავიაკომპანიის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი, რაც დაიმსახურა, ის მიიღო! ახლა რაც შეეხება მის უმადურობას. პირველ რიგში, პატრიარქის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა, რის შესახებაც ამ ქალბატონს ალბათ არაფერი სმენია. ქალი, რომელიც უმაღლეს თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებით მოხვდა (სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტზე ოცნებასაც კი ვერასოდეს გაბედავდა), დღე და ღამე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლანძღვითაა დაკავებული. მან არამხოლოდ იმ ადამიანს უღალატა, ვინც ის ამ თანამდებობაზე „გაათრია“, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მას მხარი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მოწოდების გამო დაუჭირეს. მან უღალატა საკუთარ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს! თქვენ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის დემოკრატიაა ჩვენს ქვეყანაში, რომ ამ ქალბატონის იმპიჩმენტის საკითხი ერთხელაც კი არ დაუყენებია საპარლამენტო უმრავლესობას, თორემ კარგად გვახსოვს ისიც, თუ როგორ მოისროლა ზურაბიშვილი სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, როგორც კი მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც იმდროინდელი მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა...

 

- ისევ საავიაციო ფრენებს რომ დავუბრუნდეთ... რა ინტენსივობით იფრენთ რუსეთის მიმართულებით და არის თუ არა უკვე მაღალი მოთხოვნა აღნიშნულ რეისზე?

 

- კვირაში შვიდი რეისია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად იფრენს თვითმფირნავი მოსკოვის მიმართულებით. ჯერ-ჯერობით მოთხოვნის კოეფიციენტი არც თუ ისე მაღალია, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ახლადდანიშნულ რეისებზე თავიდან მომართვიანობა ყოველთვის დაბალია და დროთა განმავლობაში იმატებს ხოლმე. იმედია, რომ ასე იქნება ამ შემთხვევაშიც და მაღალი მოთხოვნა იქნება როგორც თბილისი-მოსკოვის, ისე მოსკოვი-თბილისის რეისზე.

 

- თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს აქ თბილად არ ხვდებიან და ცდილობენ, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მათ, ყვარლის ტბაზე მომხდარი ინციდენტიც ხომ ამაზე მეტყველებს...

 

- ის ადამიანები, ვინც ასეთ მავნებლობას სჩადიან, ქართველი ხალხის წინაშე არიან დამნაშავენი! ეს არანორმალურები გამუდმებით ბოდავენ და რიცხვებით მანიპულირებენ, რომ თითქოს რუსეთში მილიონამდე ქართველი კი არა, გაცილებით ნაკლები ცხოვრობს... გეკითხებით, ასეც რომ იყოს, ციფრს რა მნიშვნელობა აქვს?! 100 000 ადამიანიც რომ იყოს, განა ეს ცოტაა?! მითუმეტეს, რომ ყველამ დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთში ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს. ეს ადამიანები ხომ ქართველები არიან, ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი არიან, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებათ პირდაპირი ფრენებიცა და უვიზო რეჟიმიც. რამ გააცოფათ ეს უბედურები, უბრალოდ არ მესმის... თუ კონკრეტულად მათ არ უნდათ რუსეთში წასვლა, ვინ ეხვეწებათ? ვინმე ძალით მიათრევს? საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში არჩევანის თავისუფლებაა და, ვისაც უნდა ევროპაში წასვლა, წავა ევროპაში და, ვისაც უნდა რუსეთში წასვლა, წავა - რუსეთში. ევროპამ როდესაც შემოიღო ვიზა-ლიბერალიზაცია, რუსეთში წასვლის მსურველი ხალხი აღშფოთდა? არა! მიაყენეს მათ რაიმენაირი შეურაცხყოფა? არა! აბა, მათ რა ჯანდაბა მოუვიდათ?! ყოველ თვეში ათამდე ავიარეისი ხორციელდება, რომლებითაც ევროპიდან ქართველების დეპორტაცია ხორციელდება, ყოველ თვე ამდენ ქართველს ყრიან ევროპიდან და ამათი ერთი განცხადება თუ მაინც მოგისმენიათ ამ თემასთან დაკავშირებით?! იმ შემთხვევას რომ იხსენებენ დღემდე, 2006 წელს რამდენიმე ათეული ქართველის დეპორტაცია რომ მოხდა რუსეთიდან. ამ ერთი შემთხვევის გარდა, რუსეთიდან გამოძევებული ადამიანი ჩვენ არ გვინახავს. ქართველ ხალხს როგორ დამამცირებლად ექცევიან ევროპაში და ესენი დღემდე 2006 წლის ერთ რუსულ რეისზე გველაპარაკებინ! რაც შეეხება ყვარლის ინციდენტს, ეს გარეწრები ასე თუ გააგრძელებენ, ამ ქვეყანაში ტურისტი საერთოდ აღარ ჩამოვა. მინდა თქვენი მეშვეობით მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, მაქსიმალურად უზრუნველყონ ტურისტთა უსაფრთხოება და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს არანორმალურები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გავრცელდეს ქვეყანაში! არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან ჩამოვა სტუმარი, ჩვენ თუ გვინდა განვავითაროთ ტურიზმის სფერო და ვიქცეთ ტურისტულ ქვეყნად, მათი უსაფრთხოებაც უნდა დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ უცხოელი ბიზნესმენი არ შემოვა და ინვესტიციების დაბანდებისგანაც თავს შეიკავებს, რაც საქართველოს ეკონომიკას კასასტროფულ, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner