გაიცანით ნინო ქენქაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გიტარის შემსწავლელი და თექაზე მუშაობის უფასო წრის პედაგოგი.
ნინო 10 წელია მოსწავლეებს გიტარაზე დაკვრასა და თექაზე მუშაობას ასწავლის. ორივე წრეში 40 მოსწავლეა გაერთიანებული. ნინო და მისი მოსწავლეები თავისი ნამუშევრებით არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ შიდა ქართლის ღონისძიებებზეც იღებენ სისტემატიურ მონაწილეობას.
რამდენიმე დღის წინ, გიტარის წრის მოსწავლეებმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში წლის შემაჯამებელი, მეათე გამოსაშვები საღამო გამართეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა 10 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დაფინანსების დროს გათვალისწინებული იყო ნინოს და მისი მოსწავლეების მიერ თექაზე შესრულებული ნამუშევრები და სამომავლო გეგმები. აღნიშნული თანხით შეძენილი ტექნიკით გაუმჯობესდება თექასა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების წრეების მუშაობა.