logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობას მიიჩნევს
- +

3 სექტემბერი. 2016. 12:15


 

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა - 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემას მიიჩნევს. მეორე ადგილზეა სიღარიბე, რომელიც გამოკითხულთა 48%-ს აწუხებს. გამოკითხულთა 37%-სთვის მთავარ პრობლემას ფასების ზრდა და ინფლაცია წარმოადგენს.


ტერიტორიული მთლიანობა კვლევაში მეოთხე ადგილზეა და მას გამოკითხულთა 31% ასახელებს.


რაც შეეხება პენსიებსა და ჯანდაცვას, ის მთავარ პრობლემას გამოკითხულთა 21%-სთვის წარმოადგენს. კვლევის თანახმად, განათლებას გამოკითხულთა 16%, მართლმსაჯულების სისტემასა და კრიმინალს 7-7%, ხოლო კორუფციას 6% მიიჩნევს პრობლემად.



ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას" ასახელებს

 

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას", ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 16% ასახელებს.

მესამე ადგილს 4-4%-ით „თავისუფალი დემოკრატები" და ლეიბორისტული პარტია ინაწილებენ, მათ 3%-ით პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" მოსდევს. კვლევის თანახმად, 2-2% „პატრიოტთა ალიანსს" და „გაერთიანებულ დემოკრატიული მოძრაობას" ერგო.


რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 34%-ია.


ამავე კვლევის თანახმად, არჩევნებზე მისვლას ამომრჩეველთა 58% აპირებს.


ამომრჩეველთა 87% ფიქრობს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს

 

მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას აძლევთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% „ქართულ ოცნებას", ხოლო 10% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. მესამე ადგილზე 2%-ით „თავისუფალი დემოკრატებია", ხოლო მომდევნო სამ ადგილს 1-1%-ით ლეიბორისტული პარტია, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" და პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის" ინაწილებენ. რაც შეეხება მათ, ვინც პასუხი არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე, მათი რაოდენობა 31%-ია.


ამავე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების" ამომრჩეველთა 87% მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი რჩეული გაიმარჯვებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა 46% თვლის, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს. ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 24%-ის აზრით, არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.


„ქართული ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებს, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების" ამომრჩეველთა 49%, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერთა 48% და ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა 53%. აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მათ რჩეულებს ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ.


გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის პარტიის ლიდერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

 

რომელია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს თქვენს ხმის მიცემას? - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 46% უმთავრესად პარტიის ლიდერს, ხოლო 43% მთავარ კრიტერიუმად პარტიის მიღწევებს ასახელებს. პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას და ამა თუ იმ პარტიისთვის ეკლესიის მხარდაჭერას გამოკითხულთა შედარებით ნაკლები პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.


ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე აუცილებელი თვისება პატიოსნება, სანდოობა და ხალხთან სიახლოვე უნდა იყოს. კითხვაზე, ორი ყველაზე აუცილებელი თვისება მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის, გამოკითხულთა 42% პატიოსნებას და სანდოობას მიიჩნევს, ხოლო 30%-ისთვის ხალხთან სიახლოვეა აუცილებელი.



გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს

 

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით, კომპანია „JPM Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დადებითი ბალანსი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მოსწონს (38%), ვიდრე არ მოსწონს (23%). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 30%-ს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს. მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძე, რომელიც გამოკითხულთა 23%-ის სიმპათიით სარგებლობს, თუმცა, 37% მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 23%-ის მოწონებას იმსახურებს, ხოლო 39%-ს არ მოსწონს.


„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიმართ კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობა 20%-ია, ხოლო 38% - არაკეთილგანწყობილია.


ყველაზე მაღალი უარყოფითი განწყობა, კვლევის თანახმად, ირმა ინაშვილს (43%) და ნინო ბურჯანაძეს (58%) აქვთ. ირმა ინაშვილი ამომრჩევლის 15%-ის, ხოლო ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის 13%-ის სიმპათიით სარგებლობს.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner